26 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
2022 წელს სუს-ი ეფექტიანად განაგრძობდა კორუფციის წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარებას - გრიგოლ ლილუაშვილი

"2022 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ განხორციელდა მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებები, როგორც ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების სახით, ასევე ანალიტიკური და პრევენციული ღონისძიებების მიმართულებით," - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში გრიგოლ ლილუაშვილმა წარადგინა.

ლილუაშვილის თქმით, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, დააკავეს და, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მისცეს არაერთი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე.

"2022 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტიანად განაგრძობდა კორუფციის წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარებას. 2022 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ განხორციელდა მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებები, როგორც ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების სახით, ასევე ანალიტიკური და პრევენციული ღონისძიებების მიმართულებით. შედეგად, დაკავებულ იქნა და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა არაერთი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე.

ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 61 საქმეზე, კერძოდ, დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობისა და სხვა ფაქტებზე. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 170 პირი.

2022 წელს ანტიკორუფციული სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი კორუფციის პრევენციის სამსახური აქტიურ რეჟიმში განაგრძობდა კორუფციულ დანაშაულებზე საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის შედეგად გადამზადებული ექსპერტების ჩართულობით კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულების საკითხებზე თბილისსა და რეგიონებში ჯამში გადამზადდა 200-მდე საჯარო მოხელე,"-აღნიშნულია ანგარიშში.

 

დღის ამბები