26 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
პარლამენტმა "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებების კანონპროექტი დაამტკიცა

"მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებები სამივე მოსმენით მიღებულია. კანონის პროექტი საბოლოო - მესამე მოსმენით 79-ხმით, 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების საფუძველზე სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.

აღნიშნულ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.

ამასთან, პირველი მოსმენით განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი დაკორექტირდა და უხამსობაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადავიდა.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონის 55/2 მუხლი ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდების, უხამსობის გავრცელების აკრძალვას. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი არიან "ქართული ოცნების" უმრავლესობის დეპუტატები: - დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.

უმრავლესობის წევრების განმარტებით, “კანონის პროექტის მიღება ხელს შეუწყობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას, რაზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი“.

დღის ამბები