26 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
ვინც ცდილობს, ხელი შეუშალოს ამ კანონპროექტის მიღებას, კანდიდატის სტატუსის მიღებას ეწინააღმდეგება - დავით სონღულაშვილი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე

"ის, ვინც ამას ეწინააღმდეგება, ვისაც უნდა, რომ სხვანაირად წარმოაჩინოს და ხელი შეუშალოს ამ კანონპროექტის მიღებას, თავისთავად ცხადია, რომ ეწინააღმდეგება ჩვენ მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, ეს ნიშნავს, რომ ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსის მიღებას," - ეს განცხადება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე განცხადებით, ცვლილებები სწორედ ევროსაბჭოს დირექტივის მიხედვითაა შესრულებული.

"იმისთვის, რომ დირექტივა შესრულებულად ჩაითვალოს, აუცილებელია, რომ გადავიდეს რეგულირებაში. ზუსტად ეს არის, რასაც დღეს ვაკეთებთ – რეგულირებაში გადაგვაქვს თვითრეგულირებიდან, რადგან ეს არის ევროსაბჭოს მოთხოვნა და მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევასრულოთ ეს რეკომენდაცია და ჩაითვალოს ჩათვლილად. ვინ რაც არ უნდა ატეხოს, ფაქტი არის ერთი - ის, ვინც ამას ეწინააღმდეგება და უნდა, რომ სხვანაირად წარმოაჩინოს და ხელი შეუშალოს ამ კანონპროექტის მიღებას, თავისთავად ცხადია, რომ ეწინააღმდეგება ჩვენ მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, ნიშნავს, რომ ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსის მიღებას," - აცხადებს დავით სონღულაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები 84 ხმით მეორე მოსმენით უკვე მიიღო. მესამე მოსმენაც დღეს დაიგეგმა - ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავენ.

მთავარი სიახლე არის ის, რომ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებით, მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრდება.

დღის ამბები