ხმაური და დაპირისპირება იყო საჩხერეში - სოფელ ჭორვილაში ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის გამართვა სურდათ.
კონფლიქტი "ნაციონალური მოძრაობის" გამოჩენას მოჰყვა. ადგილობრივების თქმით, მათთვის მიუღებელია სოფელში პოლიტიკური აქციის გამართვა. მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ ჭორვილაში ჩასვლა ჯერ კიდევ დილით დააანონსა- თბილისიდან სპეციალურად ამ აქციისთვის ავტოკოლონებით წავიდნენ, თუმცა მოსახლეობის რეაქციის შემდეგ, სოფელი რამდენიმე წუთშივე დატოვეს.
"მივედით სრულიად მშვიდობით, ვესაუბრებოდით, რომ ჩვენ იქ ჩავედით განცხადების გასაკეთებლად და არა დაპირისპირებისთვის და არეულობისთვის. მათ თქვეს, რომ არა, თქვენ ჩამოხვედით რომ აქ მოაწყოთ აქცია. ჩვენ, ჩვენივე ქვეყანაში გვეზღუდება თავისუფლად გადაადგილება," - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელი პოლიტიკური ცენტრი და საპროტესტო განცხადებების გაკეთების ადგილი არ არის.
"ეს არის სოფელი, სადაც ცხოვრობენ ჩვენი შვილები, ვცხოვრობთ, ვწვალობთ და ვართ მშვიდად. არ გვინდა არეული სიტუაციები და არ არის აქ პოლიტიკური ცენტრები, რომ ამათმა აქციები ატარონ,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.