თურქეთში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გრძელდება - თურქმა მომიტინგეებმა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, სტამბულსა და ანკარაში ისრაელისა და აშშ-ის საკონსულოსთან აქციები გამართეს. მთელი ღამის განმავლობაში თურქები პალესტინის დროშებით გამოდიოდნენ და ისრაელის ქმედებებს გმობდნენ. პოლიციამ აქციის დასაშლელად წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღაზას საავადმყოფოში დაღუპული პალესტინელების გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
აქციები მიმდინარეობდა საბერძნეთშიც, სადაც მონაწილეები ორივე ისრაელისა და პალესტინის მხარდამჭერი განცხადებებით გამოდიოდნენ. ათენში პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დემონსტრაციაში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
გერმანიის დედაქალაქში პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაციების აკრძალვის მიუხედავად, ბერლინში აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. "დოიჩე ველეს" ცნობით აქცია, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. აქციაზე მომიტინგეებმა ქვები, ბოთლები და პიროტექნიკა გამოიყენეს. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი და ერთ-ერთ სახლის აივანზე ხანძარი გაჩნდა.