26 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
პრეზიდენტის ვეტო შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონზე - როგორია მმართველი გუნდის პოზიცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატები პრეზიდენტისგან ვეტოს დასაბუთებას მოითხოვენ, რომელიც მან "შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს დაადო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვეტოს დასაძლევად ემზადებიან. ამავდროულად, საუბრობენ სალომე ზურაბიშვილის მოტივაციაზე და ამბობენ, რომ ვეტო ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგით არის ნაკარნახევი.

შეკრებების შესახებ კანონის ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა სამი მოსმენით უკვე მიიღო, მმართველმა პარტიამ მანიფესტაციების დროს უსაფრთხოების დაცვის მოტივით ახსნა. ოპოზიცია ცვლილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, შესაბამისად, მათი შეფასებით, პრეზიდენტის ვეტო გამართლებული ნაბიჯია.

ვეტოს უფლება სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიყენა. საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის დროს ეს საკითხი აღარ უხსენებია. ვეტოს სამოტივაციო ნაწილი წერილობითი ფორმით გამოქვეყნდა. ტექსტში განმარტებულია, რომ კანონის ცვლილებებში, მუხლების ფორმულირება დასახვეწია და მეტ კონკრეტიკას საჭიროებს, ზურაბიშვილის აზრით, კანონპროექტი ევროპულ სტანდარტს ეწინააღმდეგება. კანონპროექტის ავტორები ამ შეფასებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.

ცვლილების მიხედვით მანიფესტაციებზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობა 4 შემთხვევაში იკრძალება - თუ ეს საფრთხეს უქმნის შეკრების მონაწილეებს და სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; აფერხებს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ფუნქციონირებას და იკრძალება იმ შემთხვევაშიც, თუ აქცია კონსტრუქციების მოწყობის გარეშეც შეიძლება ჩატარდეს.

დღის ამბები