ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მესამედ შეცვლილი პოზიცია მმართველ გუნდში არ უკვირთ. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი იმპიჩმენტის პროცედურამ მდგომარეობიდან გამოიყვანა და გადაწყვეტილება სასწრაფოდ ამიტომ მიიღო
პრეზიდენტის დაგვიანებულმა გადაწყვეტილებამ დაბნეულობა გამოიწვია ოპოზიციაში. ნაწილი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი დროს ჩამორჩა, ნაწილი 3-ჯერ შეცვლილი პოზიციის გამო განმარტებებს ითხოვს, დანარჩენები კი ფიქრობენ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება დაგვიანებული არასდროს არ არის.
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ერთ თვეში სამჯერ შეცვლილი გადაწყვეტილების გამო, სალომე ზურაბიშვილმა ნდობა საზოგადოებაში უფრო დაკარგა. "ქართული ოცნებისთვის" პრეზიდენტის მოქმედებები არაადეკვატური, ალოგიკური და არათანმიმდევრულია.
ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 14 სექტემბერს მის დასანქცირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. ფარცხალაძე სანქცირებულთა სიაში სხვადასხვა ქვეყნის 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირთან ერთად მოხვდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება მალევე დაიწყო. უწყებაში გამოიკითხა ოთარ ფარცხალაძეც.