ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის შეთავაზება ნიკა მელიასთან კობა ნაყოფიამ და გიგი უგულავამ მიიტანეს - ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა. ნაცმოძრაობის მენეჯმენტში ლიდერის სიტყვებს ადასტურებენ.ამბობენ, რომ მედიაციის პროცესი გრძელდება, თუმცა რა შეიძლება იქცეს პარტიაში მელიას დარჩენის წინაპირობა, ამაზე არ საუბრობენ.
შეთავაზებას არ ადასტურებენ მელიას თანამოაზრეები. ფაქტობრივად გაყოფილი პარტიის მეორე ფრთა ისევ ნაცმოძრაობაში არსებულ ოლიგარქიულ მმართველობის სტილზე საუბრობს. მთავარ მტკიცებულებად კი კოლეგების კვიპროსულ ვოიაჟს ასახელებს.
ლევან ხაბეიშვილი დღეს ფაქტობრივი უზუსტობის ტირაჟირებაში კობა ნაყოფიამ ამხილა. მედიატორად დასახელებული პოლიტიკოსი კურიერთან ადასტურებს, რომ ნიკა მელიასთან კონკრეტული შეთავაზებით არ მისულა. ნაყოფიას თქმით, გარკვეული საუბრები მხოლოდ ერთიანობის მნიშვნელობაზე შედგა, რასაც ძალა ჯერ კიდევ არ დაუკარგავს. მოქმედს სოციალური ქსელით უპასუხა პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ.
ნიკა მელიამ ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ პოლიტიკურ კორუფციაზე გააკეთა აქცენტი. თქვა, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის მმართველი რგოლის ერთადერთ მიზანს და ინტერესს მატერიალური კეთილდღეობის მოპოვება წარმოადგენს.
ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე დაპირისპირების პროცესს პოზიტიურ მოვლენად მიიჩნევენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ნაცმოძრაობის დაშლის შემთხვევაში, სხვა პარტიებს ჯანსაღი ოპონირების სივრცე გაეზრდებათ. დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში ბოლო რამდენიმე კვირაა განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში შევიდა. შერიგებაზე საუბრის მიუხედავად, პარტიის უკვე მეორედ გაყოფა თითქმის გარდაუვალია.