26 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
ჩემს შესახებ არასწორი მონაცემების მიზანმიმართულად გავრცელება, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი გოგა კიკილაშვილი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, გოგა კიკილაშვილი განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, ადგილი აქვს მცდელობას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრად მისი არჩევა დაუკავშირდეს არა მის პროფესიულ კვალიფიკაციას, არამედ ნათესაურ კავშირებს.

 "მსურს, გამოვეხმაურო მიმდინარე საინფორმაციო კამპანიას, რომელიც შეიცავს არასწორ მონაცემებს ჩემს შესახებ, მიზნად ისახავს ჩემს პროფესიულ და პიროვნულ დისკრედიტაციას და ადგილი აქვს მცდელობას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ჩემი არჩევა დაუკავშირდეს არა ჩემს პროფესიულ კვალიფიკაციას, არამედ ნათესაურ კავშირებს.

საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა 2022 წლის 30 სექტემბერს და კანდიდატთა საკომიტეტო მოსმენები განხორციელდა 2022 წლის დეკემბერში. კანდიდატთა მოსმენა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში და ჩანაწერები დღემდე ხელმისაწვდომია.

საზოგადოების ინფორმირებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

არცერთ სტატიასა თუ სატელევიზიო სიუჟეტში არ გაჟღერებულა, რომ სწორედ, ჩემი სამეცნიერო და კვლევით საქმიანობის გათვალისწინებით მოხდა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენა საქართველოს პარლამენტის წინაშე, კერძოდ ის, რომ აქტიური იურიდიული პრაქტიკის პარალელურად (საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ მოქმედი ადვოკატი და მედიატორი) 2015 წლიდან ვეწევი აკადემიურ საქმიანობას, ვარ სამართლის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი, მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო და კვლევით პროექტებში და ვარ 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიმდინარე წელსაც მოწვეული მკვლევარის სტატუსით სამეცნიერო კვლევით საქმიანობას ვახორციელებ ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტსა (გერმანია) და რეგენსბურგის უნივერსიტეტში (გერმანია).
ჩემი ბიოგრაფიული მონაცემების მოძიება ადვილად შეიძლება სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების, თუ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ვებ-გვერდებზე.

მიმაჩნია, რომ ჩემი კვალიფიკაცია, სრულად შეესაბამება დაკავებულ პოზიციას და ჩემს შესახებ არასწორი და არასრული მონაცემების მიზანმიმართულად გავრცელება ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას," - აცხადებს გოგა კიკილაშვილი.

დღის ამბები