26 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რომ კვირების მანძილზე გვესმოდა ბრალდებები ჩვენი ფრაქციის წინააღმდეგ, ჩვენ არ მივიღეთ ამ პოლიტიკური ცირკის არცერთ მოქმედებაში მონაწილეობა - თინა ბოკუჩავა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი" თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს, რაც იყო პრეზიდენტის იმპიჩმენტი, თუმცა ზიანი მიაყენა ქვეყანას ევროინტეგრაციის კუთხით.

მისივე თქმით, იმპიჩმენტის პროცესი ძალიან ნეგატიურად აღიქმება ბრიუსელში, სადაც დაახლოებით ორ კვირაში, უნდა გადაწყდეს, მისცემენ თუ არა ქვეყანას კანდიდატის სტატუსს.

"პროცესი საქართველოს პარლამენტში დასრულდა ივანიშვილის მარცხით, რადგან მან ვერ მიაღწია მთავარ მიზანს, რომ იმპიჩმენტი შემდგარიყო, თუმცა მიაღწია იმას, რომ ქვეყანას მიადგა ძალიან დიდი ზიანი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისთვის. იცით რომ გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიამ უნდა მიიღოს სულ რაღაც 2 კვირაში, იცით რომ ჯოზეფ ბორელმა, რომელსაც პირადად შევხვდით, მათ შორის ამ პარლამენტში განაცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცესი ძალიან ნეგატიურად არის აღქმული ბრიუსელში და შესაბამისად, ეს არის წინაღობა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ამაზე ისაუბრა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც დღეს და ამ მიზანს მიაღწია ივანიშვილმა, რომ ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია იყო ძალიან მტკიცე: მიუხედავად იმისა, რომ კვირების მანძილზე გვესმოდა სპეკულაციები და ბრალდებები ჩვენი ფრაქციის წინააღმდეგ, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ამ პოლიტიკური ცირკის გამოცხადების პირველივე დღიდან განვმარტეთ საზოგადოებისთვის, ჩვენ არ მივიღეთ ამ პოლიტიკური ცირკის არცერთ მოქმედებაში მონაწილეობა, არც რეგისტრაციაში, არც განხილვაში და არც კენჭისყრის პროცედურაში, "ოცნებამ" კი მორიგი სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო, როგორიც მიიღო, მაგალითად, რუსულ კანონზე, ასევე, დღესაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რეალურად, დღეს, ჩვენს ქვეყანას ჰყავს რუსული რეჟიმი, რომელიც ასრულებს რუსულ დავალებებს და რომელიც მიზანმიმართულად აფერხებს ჩვენი ქვეყნის სვლას ევროპისკენ,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატების არასაკმარისი ხმების გამო, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შედგა. რეგისტრაცია 90-მა დეპუტატმა გაიარა, მათგან 86-მა საკითხს მხარი დაუჭირა, 1 კი წინააღმდეგი იყო.

დადგენილება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე პარლამენტმა გუშინ მიიღო.

მანამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში კი სწორედ ამის შემდეგ გადაინაცვლა.

იდეა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მმართველ გუნდს ეკუთვნის. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტები უნებართვოდ განახორციელა, რითაც მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.

დღის ამბები