26 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
"ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო, პირველად საქართველოს ისტორიაში იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ამით თქვენ თავს იწონებთ" - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა, საკანონმდებლო ორგანოში, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხი განიხილება განაცხადა, რომ საქართველო ამასაც მოეწრო და პირველად საქართველოს ისტორიაში, იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი.

მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით სრულად გამოვიდა თავისი როლიდან და პოლიტიკურ სფეროში გადაინაცვლა:

"ეს დღეს დადგა. საქართველო ამასაც მოეწრო. პირველად საქართველოს ისტორიაში, იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ამით თქვენ თავს იწონებთ. ვითომ არ პროცესით კანონის უზენაესობას ამტკიცებთ, ამ დროს კი, 16 ოქტომბრის საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება შევა არა, როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე. საკონსტიტუციო სასამართლო, რომელზეც უნდა იდგეს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო, სრულად გამოვიდა თავისი როლიდან, პოლიტიკურ სფეროში გადაინაცვლა და წინ ვერ აღუდგა პარტიის პოლიტიკურ ნებას. საკონსტიტუციო სასამართლომ აბუჩად აიგდო და დააკნინა კონსტიტუციის 78-ე მუხლი ევროინტეგრაციის შესახებ. თავადვე არ შეასრულა ამ მუხლით დაკისრებული ვალდებულება, რომელიც ყველა კონსტიტუციურ ორგანოზე ვრცელდება. გამაოგნებელია ის  ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იხელმძღვანელა მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკური არგუმენტაციით და სრულად გადმოიტანა დასკვნაში. მიუხედავად ამისა, ნიშანდობლივია ის, რომ სამმა მოსამართლემ შეძლო გადაერჩინა არამხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს მართლმსაჯულების რეპუტაცია.

გააცოცხლა ჩვენი საუკუნოვანი მართლმსაჯულების საამაყო ტრადიცია. მათი განსხვავებული აზრი  გავრცელდება ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, აღიარებული იქნება მათი დამოუკიდებელობა და პროფესიონალიზმი. ხვალინედელი  სტუდენტები კი, ამით იამაყებენ და ამ მაგალითზე გაიზრდებიან.  ეს იმედისმომცემია," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები