26 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
თანამშრომლობს თუ არა გიორგი გახარიას პარტია "ნაციონალურ მოძრაობასთან" - მმართველი გუნდის შეფასება ენმ-ს წევრის განცხადებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი გახარიას გუნდთან ალიანსს ღიად ადასტურებს. დავით ხაჯიშვილს მედიასთან არც ის დაუმალავს, რომ პარტია "საქართველოსთვის" წევრებთან ადგილობრივ თვითმმართველობებშიც აქტიურად თანამშრომლობენ.

დავით ხაჯიშვილის აღიარების მიუხედავად, გიორგი გახარიას გუნდი "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას კატეგორიულად უარყოფს. მიხეილ დაუშვილი ოპოზიციური პარტიის წევრის განცხადებას არასერიოზულად მიიჩნევს. გიორგი გახარიას გუნდთან არსებულ კოალიციაზე საჯარო განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ჯერ კიდევ გუშინ, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გააკეთა, სადაც სტუდიაში პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილიც იმყოფებოდა, მან ხაჯიშვილის აღიარება სტუდიაშივე უარყო.

აღიარება სატელევიზიო ეთერით - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი გახარიას თანაგუნდელები პოლიტიკური მოკავშირეები არიან და კოორდინირებულად მოქმედებენ. სახელისუფლებო გუნდი, ალიანსის კიდევ ერთ მტკიცებულებად სენაკის საკრებულოს გუშინდელ რიგგარეშე სხდომას მიიჩნევს, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" და გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა რეგისტრაცია არ გაიარეს.

კვორუმის არ არსებობს გამო კი ბიუჯეტის განხილვა ვერ შედგა. რუსთავი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა - რამდენიმე თვითმმართველ ორგანოში გადამწყვეტი ხმების რაოდენობა "ნაციონალური მოძრაობის" და გახარიას გუნდის წევრებს აქვთ და გადაწყვეტილებებსაც ერთობლივად იღებენ.

 

დღის ამბები