26 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს 3 მოსამართლის ერთი არგუმენტი - წლების წინ ამავე მოსამართლეებს განსხვავებული პოზიცია სამ სხვადასხვა რეზონანსულ საქმეზეც ჰქონდათ

განსხვავებული აზრის მქონე მსაჯულებს, საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, საკუთარი არგუმენტების მოსამზადებლად 20 საათი დასჭირდათ. 2 დღიანი ფიქრის შემდეგ, თეიმურაზ ტუღუშმა, ირინე იმერლიშვილმა და გიორგი კვერენჩხილაძემ თქვეს, რომ კონსტიტუციის გარანტს, კონსტიტუცია არ დაურღვევია, მის ქმედებას კი ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან ერთად, საფრთხე არც კონსტიტუციური წესრიგისთვის შეუქმნია.

პრეზიდენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება რომ ერთადერთი საქმე არ არის, სადაც ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში და გიორგი კვერენჩხილაძე, პლენუმის ძირითადი შემადგენლობის წინააღმდეგ წავიდნენ, ამაზე აქცენტი დღეს მმართველ გუნდში გააკეთეს.

3 მოსამართლის განსხვავებული პოზიცია ფიგურირებს ისეთ რეზონანსულ საქმეებშიც, როგორიცაა "რუსთავი 2"-ის , ნიკა მელიას და დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე. სამივე შემთხვევაში, მსაჯულები მოსარჩელეების პოზიციას სრულად იზიარებდნენ. დღეს განმარტავენ, რომ ისინი მაშინ არც პოლიტიკურ დავალებას ასრულებდნენ და არც გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ.

"რუსთავი 2"-ის შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სახელმწიფო კერძო პირებს შორის გარიგებაში არ უნდა ჩარეულიყო და თავად მხარეებს უნდა ჰქონოდათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად განესაზღვრათ გარიგების პირობები. მოსარჩელეების ამ პოზიციას 2017 წელს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეები სრულად იზიარებდნენ. "რუსთავი 2"-ის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის ნორმები გაუქმდებოდა და ქიბარ ხალვაში საკუთრების დაბრუნებაზე დავას ვეღარ გააგრძელებდა.

ანალოგიური პრაქტიკა აჩვენა იგივე სამმა მოსამართლემ ნიკა მელიას საქმეშიც. თეიმურაზ ტუღუშმა, ირინე იმერლიშვილმა და გიორგი კვერენჩხილაძემ მოსარჩელის პოზიცია 2020 წელსაც გაიზიარეს, სადაც მხარე იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომლის საფუძველზეც, "ნაციონალური მოძრაობის" მაშინდელ თავმჯდომარეს, სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.

დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ირწმუნება, რომ მოსამართლეები ყველა შემთხვევაში სახელმწიფოებრივ პოზიციას იცავდნენ. კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, რომელზეც სამ მოსამართლეს განსხვავებული აზრი ჰქონდა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს უკავშირდება. ამ შემთხვევაში ადვოკატები იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდნენ, რომელიც გაუთქმელობის ვალდებულებას ეხება. 3 მოსამართლე კი მათ პოზიციას იზიარებდა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რეზონანსულ საქმეებზე მოსამართლეები მუდმივად პოლიტიკურად მიკერძოებულ პოზიციებს გამოხატავდნენ, რაც არაერთხელ სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია - ეს ისტორიული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ 14:45 საათზე გამოაცხადა. 50 გვერდიან დასკვნას, 9 მოსამართლიდან 6-ის მხარდაჭერა აქვს, სამმა კი განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. პლენუმის გადაწყვეტილება საბოლოოა და ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

დღის ამბები