26 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
საქართველოს მხარდაჭერა ისრაელისადმი არის ძალიან ძლიერი, მადლიერები ვართ, რომ საქართველო ჩვენს გვერდზე დგას - ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი

ისრაელის ელჩმა საქართველოში საზოგადოებას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ ბოლო ინფორმაცია მიაწოდა.

პრესკონფერენციაზე ჰადას მეიცადმა ყურადღება გაამახვილა "ჰამასის" ექსტრემისტულ და ფუნდამენტალისტურ იდეოლოგიაზე, რომელიც საფრთხეს ქმნის არამხოლოდ ისრაელისთვის.

მან მადლობა გადაუხადა ცივილიზებულ სამყაროს, მათ შორის საქართველოს, გამოთქმული მხარდაჭერისთვის.

"საქართველოს მხარდაჭერა ისრაელისადმი არის ძალიან ძლიერი. პირველი დღიდანვე იქნა გამოხატული, როგორც წერილობითი, ისე საჯარო სოლიდარობა. ასევე სოლიდარობა იქნა გამოხატული კერძო შეხვედრებზე, პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და სხვა მინისტრებთან თუ პარლამენტის სპიკერთან. მადლიერები ვართ, რომ საქართველო ჩვენს გვერდზე დგას როგორც პოლიტიკურ, ისე ოფიციალურ თუ მეგობრულ დონეზე.

დღეს კანცლერი შოლცი ვიზიტით ჩადის ისრაელში, ველოდებით ხვალ პრეზიდენტ მაკრონის, პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტებს. ისრაელში მსოფლიო ლიდერების ჩასვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ძალიან მკაფიო გზავნილია, რომ ისრაელი არ არის მარტო ტერორიზმის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში. მსოფლიო მხარს გვიჭერს. ამ მომენტისთვის მოკლულია დაახლოებით 1 400 ისრაელელი და შესაძლოა, ეს რიცხვი ჯერ არ იყოს საბოლოო. 

ომი გაგრძელდება, მე-11 დღეა, რაც ისრაელი დარტყმებს ახორციელებს ღაზის სექტორში სამხედრო სამიზნეებზე. ჩვენი სამიზნე არის "ჰამასის" ხელმძღვანელობა, "ჰამასის" ინფრასტრუქტურა, მათი გვირაბები და ყველაფერი, რაც "ჰამასს" ისრაელის და ასევე ღაზის მოსახლეობის დატერორების საშუალებას აძლევს. ეს გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც ამისთვის საჭირო იქნება, რათა აღმოიფხვრას ის საფრთხე, რომელსაც „ჰამასი“ წარმოადგენს ისრაელის ხალხისთვის და ასევე ვიტყოდი, რომ მსოფლიოს მოსახლეობისთვის, რადგან "ჰამასის" წარმომავლობა არის იგივე, რაც არის "ისლამური სახელმწიფოსი“, საუბარია რადიკალურ, ექსტრემისტულ იდეოლოგიაზე," - ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი.

 

დღის ამბები