26 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
"პრეზიდენტის მოწოდებას გავითვალისწინებთ" - "საქართველოსთვის" იმპიჩმენტის პროცედურაზე კენჭისყრას არ დაესწრება

პარტიის "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ მისი პარტია გაითვალისწინებს პრეზიდენტის თხოვნასა და მოწოდებას და იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრას არ დაესწრება. დაუშვილმა განმარტა, რომ იქამდე მათ სწორ ნაბიჯად კენჭისყრის პროცესში საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მიაჩნდათ.

"სწორი ნაბიჯი იქნებოდა დარბაზში შესვლა და წითელ ღილაკზე თითის დაჭერით საკუთარი წინააღმდეგობის, პოზიციის გამოხატვა, ეს მიგვაჩნდა ჩვენ სწორად. რაც შეეხება გუშინდელ, ასე დავარქვათ, თხოვნას თუ მოწოდებას საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, დიახ, ჩვენ ამ მოწოდებას გავითვალისწინებთ. მე პირადად, არ ვიცი მას რა გეგმა აქვს, რა ამოცანაა აქვს და ეს რატომ სურს,"- აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო, ხოლო
"ქართული ოცნების" წამოჭრილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ახლა პარლამენტში ინაცვლებს. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ იმპიჩმენტის საკითხის განხილვას პარლამენტში თავადაც დაესწრება, ოპოზიციას კი გარეთ დგომისკენ მოუწოდა.

იმპიჩმენტის პროცედურის დასასრულებლად 100 ხმაა საჭირო, მმართველ გუნდს კი მხოლოდ 84 აქვს. ოპოზიციიდან საკითხს მხარს მხოლოდ "ევროპული სოციალისტები" უჭერენ, თუმცა პოლიტიკოსები პარლამენტში მიმდინარე ფარულ გარიგებებზე მუდმივად საუბრობდნენ. მაგალითად, "საქართველოსთვის" "ნაციონალურ მოძრაობას" "ქართულ ოცნებასთან" გარიგებას აბრალებდა, ხოლო "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობისა" და სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ვაჭრობაზე საუბრობდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები