26 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში − რობინ დანიგანს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგანს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა განიხილეს და მიმდინარე საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს; გამოითქვა ქვეყნებს შორის მრავალგანზომილებიანი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაფართოების მზაობა.

ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე. რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგანთან საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე − ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა ელჩს ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მიერ გატარებული რეფორმებისა და განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული.

პრემიერ-მინისტრმა ახლად დანიშნულ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისათვის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რობინ დანიგანმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ყველა მოუთმენლად ელის საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

"ძალიან ვაფასებ დღევანდელ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან. მე ვუთხარი პრემიერ მინისტრს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი, მდივანი ბლინკენი და ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით - განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებს, აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქართველი ჯარისკაცები კი ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ ავღანეთში, ერაყსა და კოსოვოში.

მე ასევე ვუთხარი პრემიერ-მინისტრს, რომ მოუთმენლად ველი მხარი დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის წინსვლას. მე მინდა გავაფართოოთ ჩვენი ხალხთაშორისი და ეკონომიკური ურთიერთობები, ასე რომ, მოუთმენლად ველოდები ამ ქვეყნისა და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობას“,- განაცხადა რობინ დანიგანმა.

დღის ამბები