26 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
ომი ისრაელში - ღაზას მოსახლეობა ამბობს, რომ გასული ღამე ყველაზე მძიმე იყო, უამრავი სახლი მიწასთან გასწორდა და დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

მოლოდინი, რომ ცეცხლი დროებით შეწყდებოდა და უცხოელი მოქალაქეები ღაზის სექტორის დატოვებას შეძლებდნენ, დღეს ისევ შემცირდა, რადგან სექტორში ისრაელის საჰაერო იერიში გაგრძელდა. ღაზას მოსახლეობა ამბობს, რომ გასული ღამე ყველაზე მძიმე იყო, უამრავი სახლი მიწასთან გასწორდა და დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.

პალესტინის ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო თავდასხმებს 2750 ადამიანი შეეწირა, 10 000 კი დაიჭრა. დაკარგულია ათასამდე ადამიანი და ვარაუდობენ, რომ ისინი ნანგრევებში არიან. ცოტა ხნის წინ გავრცელებულ სატელიტის ფოტოებზე ჩანს ღაზაში განადგურებული ადგილები. 

ამერიკის სახელმწიფო მდივანი რეგიონის ექვსი ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ისრაელში დაბრუნდა. ბლინკენს სურდა რეგიონის ქვეყნებს მოეხდინათ გავლენა ჰამასზე, მძევლები გაეთავისუფლებინა, რომელთა რაოდენობა ორასამდეა. ასევე ვაშინგტონის უმთავრესი საზრუნავია, უზრუნველყოს ღაზაში ჩარჩენილი მისი მოქალაქეების უსაფრთხოება და მისცეს ეგვიპტემ უცხოური პასპორტების მფლობელებს საშუალება, რაფას გადასასვლელიდან სექტორი დატოვონ.

ქაირო ირწმუნება, რომ საზღვარი მისი მხრიდან გახსნილია და მანქანები ისრაელის დაბომბვის გამო ვერ შედიან. ეგვიპტე თვლის, რომ ისრაელი საკუთარი თავის დაცვაზე მეტად ღაზის დასჯით არის დაინტერესებული.

ქაიროს პოზიცია გაიზიარა ანკარამ, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ღაზიდან პალესტინელების დაცლას.

1400-ს გადააჭარბა დაღუპულთა რაოდენობამ ისრაელში. სატელევიზიო ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება.

ისრაელის მახლობლად ამერიკული სამხედრო ფლოტის გაგზავნას ირანმა მწვავე განცხადებით უპასუხა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ამ კონფლიქტზე ამერიკა უნდა იყოს პასუხისმგებელი და რეგიონში ფლოტის გაგზავნა მჩაგვრელის მხარდაჭერაა.

 

 

დღის ამბები