26 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობა ნიკა მელიასა და ბაჩო დოლიძის პარტიდან გარიცხვას აპირებს - რა მოხდა კვიპროსში გამართულ შეხვედრაზე

კვიპროსში კეზერაშვილთან შეხვედრის შემდეგ, "ნაცმოძრაობის" ხელმძღვანელობა ნიკა მელიასა და ბაჩო დოლიძეს პარტიიდან გარიცხვას აპირებს. "კურიერის" ინფორმაციით, ცენტრალურ ოფისში შეკრებილმა სამდივნომ, დღეს, სწორედ ამ საკითხზე იმსჯელა. გადარჩეული თავმჯდომარე, რომ პარტიის პოლიტიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში მოდის - ეს სამდივნოს წევრებს არ დაუმალავთ. თუ მელია-დოლიძის გარიცხვას ერთსულოვანი მხარდაჭერა არ ექნება, პარტიის ახალი წესდებით გადაწყვეტილება თავმჯდომარეს ერთპიროვნულად შეუძლია მიიღოს.

შიდაპარტიული გადატრიალების შემდეგ გარიცხვა, მელიას ფლანგისთვის სცენარი რეალისტურად გამოიყურება. ამბობენ, რომ კეზერაშვილის ჩრდილოვანმა მმართველობამ "ნაცმოძრაობა" ღირებულებებისგან დაცალა და ახალ მენეჯმენტს არაფორმალური მმართველის ყველა მითითების უსიტყვოდ შესრულება უწევს.

"ნაცმოძრაობის" შიგნით მიმდინარე დაშლის პროცესს, ოპოზიციის ნაწილი პოზიტიურად აფასებს. "გირჩში" აცხადებენ, რომ ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში მუდმივი დაპირისპირება ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის საკითხს გადაწყვეტს და ოპოზიციური ძალებისთვის შანსებს აჩენს.

ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს გაყოფის გზაზე მყოფ ოპოზიციურ პარტიაში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. მათი თქმით, "ნაცმოძრაობა" კომიკურ მდგომარეობაშია. ეს მოცემულობა კი, 2024 წლის არჩევნებზე მათ მიერ მისაღები პოტენციური ხმების რაოდენობას საგრძნობლად ამცირებს.

რამდენიმე დღის წინ, „ნაციონალური მოძრაობის" მენეჯმენტი, სრული შემადგენლობით, მთავარმა დამფინანსებელმა კვიპროსში გამოიძახა. დავით კეზერაშვილი პარტიისგან სავარაუდოდ მეტ აქტიურობას ითხოვს. იქნება თუ არა პირველი ნაბიჯი მელია-დოლიძის გარიცხვა, ეს მალე გაირკვევა. არც ისაა გამორიცხული, თავად მელიამ, თანაპარტიელებს დაასწროს და პარტია გარიცხვამდე თავად დატოვოს.

დღის ამბები