26 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
არჩევნები პოლონეთში - მთავრობა შესაძლოა ოპოზიციამ დააკომპლექტოს

არჩევნები პოლონეთში - ტუსკი თუ კაჩინსკი – "იფსოსის" ეგზიტპოლის მიხედვით, არჩევნებში მოპოვებული ადგილების რაოდენობით მმართველი პარტია "კანონი და სამართლიანობა" ლიდერობს, თუმცა, შესაძლოა, ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენა ვერ შეძლოს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტუსკი, დიდი ალბათობით, იმ პარტიებთან შექმნის კოალიციას, რომლებმაც მინიმალური სარჩევნო ბარიერი გადალახეს. ტუსკი გაერთიანებას ორ ოპოზიციურ პარტიასთან - "მესამე გზა" და "ახალ მემარცხენეებთან" გეგმავს, რომლებმაც არჩევნებში 13% და 8.6% აიღეს.

ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე, პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა თავი უკვე გამარჯვებულადაც გამოაცხადა.

საარჩევნო კომისიას, ამ დრომდე, საბოლოო შედეგები არ გამოუქვეყნებია. 20:00 საათის მონაცემებით, დათვლილია ხმების მხოლოდ 82 პროცენტი. შედეგები კი ახლოსაა ეგზიტპოლის მონაცემებთან, რომლის მიხედვითაც, მმართველმა პარტიამ ხმათა 36.8%, ხოლო ტუსკის სამოქალაქო კოალიციამ 31.8% აიღო.

ეგზიტპოლის შედეგებით, პოლონეთის 460-ადგილიან პარლამენტში, მმართველმა პარტიამ 200 ადგილი მოიპოვა, ოპოზიციამ კი ჯამში - 248. პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ჩამოყალიბებისთვის 230 მანდატია საჭირო.

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებზე განცხადებები გაკეთდა საქართველოშიც. აქცენტი კეთდება იმ ფაქტზე, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ხმების საბოლოო რაოდენობა არ რის დათვლილი. მმართველ გუნდში პარალელს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან ოპონენტების განცხადებებთან ავლებენ.

წინასაარჩევნო კამპანიამ პოლონეთში უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში ჩაიარა. მთავრობა აქტიურად ადანაშაულებდა დონალდ ტუსკს ბრიუსელის ინტერესების გატარებაში. არჩევნების შედეგს, დიდი გავლენა ექნება ვარშავას ურთიერთობებზე ბრიუსელსა და ბერლინთან, რადგან, ანალიტიკოსების ვარაუდით, ხელისუფლებაში მოქმედი მთავრობის დარჩენის შემთხვევაში, დიდია პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლის შანსი. კონსერვატორ მთავრობას ასევე სურს საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება.

დღის ამბები