26 ნოემბერი 2024,   01:19
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე - ვინ იყო მომხრე და ვინ წინააღმდეგი

საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარმა პლენუმმა ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა - მსაჯულებმა განიხილეს, ითათბირეს და დაადგინეს, რომ კონსტიტუციის გარანტმა, მთავრობასთან თანხმობის გარეშე ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას 9 მოსამართლიდან 6-ის მხარდაჭერა აქვს. განსხვავებული მოსაზრება პლენუმში 3 მსაჯულს - თეიმურაზ ტუღუშს, გიორგი კვერენჩხილაძესა და ირინე იმერლიშვილს ჰქონდა. მათგან ორი, კვერენჩხილაძე და იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში, მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ბრძანებით, 2016 წლის 12 სექტემბერს დაინიშნა. 2016 წლამდე გიორგი კვერენჩხილაძე, ყოფილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იყო, ირინე იმერლიშვილი კი, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს უშიშროების საბჭოში, პრეზიდენტის თანაშემწის და საბჭოს მდივნის პოზიციას იკავებდა. საკონსტიტუციო სასამართლომდე, სამოსამართლეო გამოცდილება ირინე იმერლიშვილს არ ჰქონია, გიორგი კვერენჩხილაძე კი წინა ხელისუფლების დროს საკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარის თანაშემწედ მუშაობდა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, განსხვავებული მოსაზრების მქონე მსაჯულები მედიასთან აღარ გამოჩენილან, პლენუმის სამართლებრივ არგუმენტაციებზე, სხვა მოსამართლეებმა ისაუბრეს.

პრეზიდენტმა დღესაც, ისევე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვების დროს, პროცესისგან დისტანცირება არჩია. ათონელის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის პოზიციებს ამჯერადაც მისი წარმომადგენლები იცავდნენ. თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი საგანგებო ბრიფინგზე ამტკიცებდნენ, რომ მოსამართლეებმა პოლიტიკური და ტენდენციური გადაწყვეტილება მიიღეს. აღიარებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს.

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, რომელიც ისტორიული პროცესის მონაწილე თავად იყო, საკონსტიტუციო სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, კონსტიტუციური წარდგინების მომენტიდან ელოდა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სასამართლო უკვე დიდი ხანია "ნაციონალური მოძრაობის" გავლენებისგან თავისუფალია, მოსამართლეთა პლენუმის დღევანდელი გადაწყვეტილება კი დამოუკიდებელი. კონსტიტუციური წარდგინების ერთ-ერთი ავტორი ახლა იმ მოსამართლეების არგუმენტებს ელოდება, ვინც განსხვავებული პოზიცია წარმოადგინა და მოსამართლეთა უმრავლესობას არ დაეთანხმა.

80 დეპუტატის სახელით, საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა, მხარეების ზეპირი მოსმენა კი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდა. სასამართლომ გაავრცელა პრესრელიზიც, რომლის თანახმადაც გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზანს ისახავდა, ვერ გააუქმებდა კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევის ფაქტს, ვერ გაანეიტრალებდა და ვერ შესძენდა იმდენად უმნიშვნელო ხასიათს, რომელიც იმპიჩმენტურ ბრალდებას სამართლებრივ საფუძველს გამოაცლიდა. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მმართველობის საპარლამენტო მოდელის გათვალისწინებით, წარმოადგენს პოლიტიკურად ნეიტრალურ ფიგურას, რომელიც არ ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას.

დღის ამბები