26 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
BBC-ის ცნობით, რუსეთი ოთხი უკრაინელი ბავშვის ოჯახებში დაბრუნებას დათანხმდა - გადაწყვეტილება იმ საპილოტე პროგრამის ნაწილია, რომელიც მეტი უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დაბრუნებას ითვალისწინებს

ოფიციალური მოსკოვი ოთხი უკრაინელი ბავშვის ოჯახებში დაბრუნებას დათანხმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ყატარის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების ნაწილია, - ამის შესახებ BBC წერს.

ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, უკრაინიდან რუსეთში გაყვანილი ოთხი ბავშვიდან ყველაზე პატარა ორი წლისაა, ხოლო ყველაზე უფროსი - 17-ის. „ბავშვების სამშობლოში დაბრუნება საპილოტე პროგრამის ნაწილია, რომელიც, გასული წლიდან, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გატაცებული ათასობით ბავშვის დაბრუნებას ითვალისწინებს“, - წერს BBC.

ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე უკვე 20 000-მდე ბავშვია გაყვანილი.

17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა. საერთაშორისო სასამართლო პუტინს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე, მათ შორის უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან უკანონოდ გაყვანაზე, პასუხისმგებლობას აკისრებს.

დღის ამბები