26 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
იმპიჩმენტის პროცედურის პარლამენტში მიმდინარეობისას, ჩვენი ფრაქცია სხდომათა დარბაზში არ იქნება, სხვა ოპოზიციონერებსაც მოვუწოდებდით, იგივე გააკეთონ - თინა ბოკუჩავა

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა, ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება. ახლა იმპიჩმენტის პროცედურა პარლამენტში ინაცვლებს.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა, სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, იმპიჩმენტის პროცედურის კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში არ მივიდნენ.

"ჩვენი ფრაქცია იმპიჩმენტის პროცედურის პარლამენტში მიმდინარეობისას არ იქნება პლენარულ სხდომათა დარბაზში და სხვა ოპოზიციონერებსაც მოვუწოდებდით, იგივე გააკეთონ იმისთვის, რომ "ოცნებას" შეეზღუდოს მანიპულაციის სივრცე. რაც შეეხება სპეკულაციურ ბრალდებებს, რომელსაც ბოლო პერიოდია ვისმენთ, მათ შორის კონკრეტულად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, შეგნებულად არ ვუპასუხებ ამ სპეკულაციურ თავდასხმებს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ახლა მათი მთავარი მიზანია,"ქართულმა ოცნებამ" იმპიჩმენტის პროცედურისთვის საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვოს.

"საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას განსხვავებული მოლოდინი არ ჰქონდა. ახლა მთავარი ამბავია, რომ "ოცნებამ" ვერ მოახერხოს ეს შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე, ვერ მოახერხოს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაქვემდებარების მცდელობა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შეთანხმება ვერ შედგეს და "ქართულმა ოცნებამ" 100 ხმა ვერ მოაგროვოს", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ეს ყველაფერი დემოკრატიისა და კანდიდატის სტატუსის მოპოვების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

"ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან ფორმდება "ქართული ოცნების" შეკვეთა. ცხადია, ეს ყველაფერი არის დემოკრატიისა და ქვეყნის გაცხადებული საგარეო ვექტორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. საინტერესოა, ის განსხვავებული პოზიციები, რომელიც ჩვენ სამი საკონსტიტუციო მოსამართლისგან გვაქვს", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები