26 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე თუ ავითარებს აზრს, რომ ზურაბიშვილს არ დაურღვევია კონსტიტუცია, გამოდის, ისინიც უპირისპირდებიან პროფესიულ ღირსებას - ირაკლი კობახიძე 

პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას 3-მა მოსამართლემ მხარი არ დაუჭირა, მათთან დაკავშირებით, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე თუ ავითარებს აზრს, რომ ზურაბიშვილს არ დაურღვევია კონსტიტუცია, გამოდის, "ისინიც უპირისპირდებიან პროფესიულ ღირსებას".

"თუ ამ სამ მოსამართლეს თავის განსხვავებულ აზრში უწერია ის, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, გამოდის, რომ ისინი ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილი, კონსტიტუციურ წესრიგს უპირისპირდებიან. ეს, ასე ვთქვათ წარმოუდგენელი რამაა, რაც არ მინდა უბრალოდ, რომ დავუშვა. არ მინდა დავუშვა ის, რომ ადამიანები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად იწოდებიან, ქვეყანაში კონსტიტუციურ წესრიგს, საპარლამენტო მმართველობის სისტემას დაუპირისპირდნენ, ეს იქნებოდა დანაშაულებრივი ქმედება, არ მოვერიდები ამ სიტყვის გამოყენებას. შეიძლება, მაინც და მაინც, სისხლის სამართალი არ ვიგულისხმო ან ვიგულისხმო, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ მათ თუ ასეთი რამ დაწერეს, პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ერთგვარი დანაშაულებრივი ქმედება იმიტომ, რომ ეს იქნებოდა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა.

2016 წლამდე "ნაცმოძრაობა" დიდწილად ინარჩუნებდა კონტროლს საკონსტიტუციო სასამართლოზე, წინასწარ იცოდა თავმჯდომარემ, რა გადაწყვეტილებებს გამოიტანდნენ ვარძელაშვილი, ერემაძე და კოპალეიშვილი, დღეს კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არის თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელი, რაც აისახება როგორც სტატისტიკაზე, ისე - გადაწყვეტილებების შინაარსზე. დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არის სათანადოდ დაკავებული ქვეყანაში ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვით,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლომ 6 მოსამართლის ხმით მიიღო. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენელმა მედიასთან აღნიშნა, 3 მოსამართლის აზრი განსხვავებული იყო. 

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის წინააღმდეგ წასული მოსამართლეები არიან: ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.

დღის ამბები