26 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
პარლამენტს შეუძლია მოიწვიოს პირი, ვის მიმართაც იმპიჩმენტის საკითხი განიხილება, მონაწილეობის მისაღებად, დავუკავშირდებით პრეზიდენტის აპარატს და ვიკითხავთ - შალვა პაპუაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, თუ სასამართლო არ დაადგენდა დარღვევას, მაშინ წყდებოდა ყველანაირი განხილვა, რადგან დაადგინა სასამართლომ, რომ არის კონსტიტუციის დარღვევა, უკვე პროცესი ინაცვლებს პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პაპუაშვილის განმარტებით, იმპიჩმენტის კენჭისყრაზე დაყენების და განხილვის გრაფიკი მას შემდეგ დადგინდება, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობა პარლამენტში ოფიციალურად შევა.

"ვვარაუდობ, რომ ხვალინდელ ბიუროზე წარმოვადგენთ დადგენილების პროექტს, რომელშიც იქნება განხილვის გრაფიკი. შეტყობინების მიღებიდან პარლამენტს აქვს ორი კვირა, რომ განიხილოს და კენჭი უყაროს ამ საკითხს. მიმდინარე კვირაშივე აჯობებს, რომ განვიხილოთ ეს საკითხი და კენჭისყრაზეც დავაყენოთ. ამიტომ, ხვალ ბიუროზე დადგენილების პროექტს წარმოგიდგენთ, რომელიც პლენარულ სხდომაზე ხვალ გავა იმისთვის, რომ განხილვის გრაფიკი დავადგინოთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, თუ პრეზიდენტი მის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ სხდომაში მონაწილეობის მიღების სურვილს გამოთქვამს, მას პარლამენტი ამის შესაძლებლობას მისცემს.

"პარლამენტს შეუძლია მოიწვიოს პირი, ვის მიმართაც იმპიჩმენტის საკითხი არის განხილული, განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ დავუკავშირდებით პრეზიდენტის აპარატს და ვიკითხავთ, თუ ექნება მას სურვილი მონაწილეობის, ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. შესაბამისად, შემდეგ უკვე პარლამენტში იქნება განხილვა და კენჭისყრა ამ საკითხთან დაკავშირებით. 100 ხმა სჭირდება იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას  მიმდინარე კვირაში, ვინაიდან უკვე სასესიო კვირა გვაქვს, ამ საკითხს განვიხილავთ და კენჭს ვუყრით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები