26 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ - მერაბ ტურავა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე

დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია - საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება რამდენიმე საათში უნდა გახდეს ცნობილი.

სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ხელს 12:00 საათის შემდეგ მოაწერენ, რის მერეც სასამართლოს ვერდიქტის გამოსაცხადებლად მთელი რიგი პროცედურები აქვს.

"მოსამართლეები შეიკრიბებიან 12 საათის შემდეგ, მოაწერენ ხელს გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ, დაახლოებით, 2 საათი სჭირდება იმას, რომ გამოსაცხადებლად მომზადდეს გადაწყვეტილების ტექსტი, ექსპერტიზა უნდა გაიაროს სამართლებრივ დეპარტამენტში, ხოლო მას შემდეგ რაც გამოცხადდება, დღის განმავლობაში გამოქვეყნდება.

მოუხედავად იმისა, რომ მე ვიცი ჩემი და მოსამართლეების პოზიციებიც, კანონიდან გამომდინარე, არა ვარ უფლებამოსილი, ეს კანონდარღვევა იქნება, რომ დოკუმენტის ხელმოწერამდე მე გამოვაცხადო. არავითარი ზეწოლა არ ყოფილა, მაშინ ამის შესახებ თქვენ იქნებოდით ინფორმირებული და ჩვენ განვაცხადებდით, ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ჩვენ ვიცით ერთმანეთის პოზიცია, თათბირის საიდუმლოებას ვერ გავამჟღავნებთ.

სასამართლო იღებს პასუხისმგებლობას და ვალდებულიცაა რომ მიიღოს სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება, ჩვენ არა ვართ ორგანო, რომელიც პოლიტიკურად მიზანშეწონილებით იღებს გადაწყვეტილებას," - აცხადებს მერაბ ტურავა.

იმ შემთხვევაში, თუ 9 მოსამართლიდან 6 გადაწყვეტს, რომ შეუთანხმებელი ვიზიტებით პრეზიდენტი ქვეყნის უზენაესი კანონის წინააღმდეგ წავიდა, იმპიჩმენტის პროცედურა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. საკონსტიტუციო სასამართლომ "ქართული ოცნების" ავტორობით მომზადებული წარდგინება ოქტომბრის დასაწყისში განიხილა. განხილვა 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დღის ამბები