ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი. CBS News-თან ინტერვიუში, ღაზას სრულ ბლოკადასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ჯო ბაიდენმა უპასუხა. მისი განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ისრაელი იმოქმედებს ომის წესების შესაბამისად და ღაზაში უდანაშაულოებს ექნებათ შესაძლებლობა ჰქონდეთ წვდომა მედიკამენტებზე, საკვებსა და წყალზე.
ამერიკის პრეზიდენტის ამ გამოსვლას უკვე გამოეხმაურა ისრაელის ელჩი - გილად ერდანი ამბობს, რომ ისრაელი ღაზას ოკუპაციით დაინტერესებული არ არის და მისი მიზანი "ჰამასის" ტერორისტული შესაძლებლობების სრული აღმოფხვრაა.
დღეს ისრაელში ბრუნდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ, ენტონი ბლინკენი თელ-ავივში ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. ისრაელში იმყოფებიან ამერიკელი სენატორებიც - გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ისრაელისთვის ვაშინგტონი სამხედრო დახმარების პაკეტს აგრძელებს.
ახალ წერილს აქვეყნებს ევროკავშირი.
"ევროკავშირი უმკაცრესად გმობს "ჰამასსა" და მის სასტიკ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის მასშტაბით და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაღუპული ადამიანების გამო,"- წერია განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მზად არის ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად.