26 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ხმებით აღქმული სამყარო - 15 ოქტომბერს, მსოფლიო თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს!

ყოველდღიურ ქაოსში და უსასრულო სივრცეში ორიენტაციის წერტილების საპოვნელად ხმა მთავარი გზამკვლევია. თითოეული ბგერა გონებაში სურათის წარმოსახვის საშუალებას იძლევა და უსინათლო ადამიანებისთვის უხილავ სამყაროს ხილულს ხდის.

დათო, ანა, ნიკა და დავითი ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

უსინათლო ადამიანების კალენდარში 15 ოქტომბერი თეთრი ხელჯოხის დღედ არის მონიშნული- დავითისთვის ის სივრცეში დამოუკიდებლად გადაადგილების შეუცვლელი ატრიბუტია. 2010 წელს მყინვარწვერი დალაშქრა-სხვისი თვალებით და საკუთარი შეგრძნებებით 4506 მეტრი გაიარა.

ნიკამ მხედველობა 16 წლის ასაკში დაკარგა, თუმცა ეს დაბრკოლება არ ყოფილა იმისთვის, რომ ოცნება აესრულებინა და უკვე ჩემპიონს დაემტკიცებინა, რომ ცურვას თვალები კი არა მიზანი სჭირდება.

ანა როიალზე უკრავს, მას დანარჩენებისგან განსხვავებით ვიზუალური მეხსიერება საერთოდ არ აქვს. ინსტრუმენტი, რომელთანაც ყველაზე მეტ დროს ატარებს, არასდროს უნახავს.

დავითი იურისტია-ეს პროფესია იმიტომ აირჩია, რომ კანონის საშუალებით გადაელახა ბარიერები, რომლებსაც უსინათლო ადამიანები ყოველდღიურად ეჯახებიან.

უსინათლო ადამიანებს არ სჭირდებათ ჩვენი სიბრალული ან ფიზიკური დახმარება. ისინი თავად უმკლავდებიან ნებისმიერ დაბრკოლებას, ერთადერთი, რასაც ითხოვენ -ადაპტირებული გარემო და საზოგადოების მხრიდან ჯანსაღი დამოკიდებულებაა.

ავტორი:ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები