ღაზის სექტორის მიწისქვეშა ქალაქის შემქმნელად და იდეის ავტორად, 58 წლის მუჰამედ დეიფი მოიაზრება. ის ჰამასის ერთ-ერთი მეთაურია, რომლის შესახებაც ბევრი არაფერია ცნობილი. დეიფი საჯაროდ იშვიათად საუბრობს და საზოგადოებაშიც არასდროს ჩნდება. არსებობს მხოლოდ სამი ფოტო. ადგილსამყოფელი კი, რა თქმა უნდა, გასაიდუმლოებულია.
7 ოქტომბერს სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, მუჰამედ დეიფმა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, დეიფმა მოუწოდა პალესტინელებს, ისრაელელ არაბებსა და მეზობელი არაბული ქვეყნების მაცხოვრებლებს, შეუერთდნენ ბრძოლას ისრაელის წინააღმდეგ, ამ ჩანაწერის გავრცელებიდან 6 დღეში კი "სიენენმა" სტატიაც გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ სპეცოპერაცია ალ აქსას შტორმის ორგანიზატორი სწორედ მუჰამედ დეიფია.
"ფაინენშელ თაიმის" ინფორმაციით, ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებში დეიფის მამა და ბიძაც მონაწილეობდნენ, სპეცოპერაციის დაწყებიდან 4 დღის შემდეგ კი ისრაელმა „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაურის სახლს დაარტყა. ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღაზას სექტორის ქალაქ ხან-იუნსში დეიფის სახლზე დარტყმის შედეგად სავარაუდოდ დაიღუპნენ დეიფის მამა , ძმა, შვილები. თავად სპეცოპერაციის ორგანიზატორის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. სავარაუდოდ, ის ღაზის ტერიტორიაზე, გვირაბების ლაბირინთებში იმალება.
მუჰამედ დეიფის შესახებ ბევრი ინფორმაცია, ისევე როგორც მისი ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის. ის ჰამასის დაჯგუფების ერთ ერთი ლიდერი და ბოლო 30 წელი ისრაელის დაზვერვის მთავარი სამიზნეა.
დეიფი 1965 წელს ქალაქ ხან იუნისში ლტოლვილთა ბანაკში დაიბადა, ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასს" კი დაარსებისთანავე 1987 წელს შეუერთდა, 2 წლის შემდეგ კი ისრაელის ხელისუფლებამ დააკავა, დეიფმა ციხეში 16 თვე გაატარა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი "ჰამასის" დაჯგუფების სხვა წევრებთან ერთად ალ ქასამის ბრიგადის დაარსება დაიწყო, დღემდე ის მის მიერ დაარსებული ბრიგადის მიუწვდომელ მეთაურად ითვლება. მიუწვდომლად, რადგან მისი მოკვლის სულ მცირე 7 მცდელობაა ცნობილი.The Times of Israel-ის ცნობით, 2002 წელს ტერორისტმა, ერთ-ერთი ასეთი მცდელობის დროს, თვალი დაკარგა. 2006 წელს დაკარგა ორივე ფეხი და მკლავები. 2014 წელს კი დეიფზე თავდასხმისას მოკლეს მისი ცოლი, 2 წლის ქალიშვილი და ვაჟი. დეიფის ნამდვილი სახელი მუჰამად დიაბ იბრაჰიმ ალ–მასრია, დეიფი კი არაბულად სტუმარს ნიშნავს, ეს მეტსახელი ჰამასის ლიდერს იმის გამო შეარქვეს, რომ ის ისრაელის სადაზვერვო სამსახურებისგან დასამალად მუდმივად იცვლიდა ღამის გასათევ ადგილს.
ის იყო ტერორისტი იაჰია აიაშის მოსწავლე, რომელიც ბომბების დამზადების სპეციალისტიც გახლდათ. სავარაუდოდ სწორედ მისგან ისწავლა დეიფმა ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადება. მასწავლებლის სიკვდილის შემდეგ ტერორისტული აქტები "ჰამასის" ლიდერმა გააგრძელა. 1996 წელს მან "ჰამასის" ადგილობრივი წარმოების რაკეტა "ქასამი" დააპროექტა. დეიფის მიერ შქმნილ ათასობით რაკეტას ჰამასი უშვებს ისრაელისკენ და იწვევს ისრაელის თავდაცვის სისტემის რკინის გუმბათის გადატვირთვას. მისი მოწყობილია ღაზას სექტორში გვირაბების სისტემა, რომელსაც ტერორისტები ისრაელის სადაზვერვო სამსახურებისგან დასამალად იყენებენ და სავარაუდოდ ის ახლა ღაზის ტერიტორიაზე გვირაბების ლაბირინთებში "ჰამასის" სხვა წევრებთან ერთად იმალება.
ავტორი: ნანა გოგოტიშვილი