26 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
მსოფლიო ისრაელის სახმელეთო ოპერაციის მოლოდინშია - ისრაელის სამხედრო ოპერაციის მთავარი პრიორიტეტი, მძევლების გადარჩენაა

მსოფლიო ისრაელის სახმელეთო ოპერაციის მოლოდინშია. თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ამბობს, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციის მთავარი პრიორიტეტი მძევლების გადარჩენაა. ცოტა ხნის წინ "ცახალმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის ტერორისტებს 126 ადამიანი ჰყავთ მძევლად, მათ შორის არის ამერიკის 15 მოქალაქე. თავდაპირველად საერთო ჯამში 150 მძევალზე იყო საუბარი, თუმცა ეს მონაცემი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ღაზაში მძევლების ცხედრები იპოვეს.

ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის გაჭიანურების მიზეზი უამინდობაა, თუმცა მედიაში გავრცელებულმა ამ ვერსიამ კითხვები გააჩინა. ექსპერტების შეფასებით, რეალური მიზეზი შესაძლოა უკავშირდებოდეს ღაზის სექტორში, შეტაკებების ეპიცენტრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გასვლას. ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მილიონზე მეტ პალესტინელს მოსთხოვა 24 საათში გადასულიყვნენ სამხრეთში, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. "გაერო" აფრთხილებდა ისრაელს, რომ ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გამანადგურებელი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე, ფაქტობრივად, შეუსრულებელი მისია იყო. 24 საათიანი ვადა შაბათს, 14 ოქტომბერს ამოიწურა. დღეს გამთენიისას, ისრაელის თავდაცვის ძალებმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ღაზის სექტორის მოსახლეობას სამხრეთ ნაწილში ევაკუირებისკენ.

ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადასასვლელად ღაზაში მცხოვრებ მოსახლეობას ორი გზა შესთავაზეს: ერთი, რომელიც მჭიდროდ დასახლებული ქალაქ ღაზიდან ქალაქ "ჰან იუნისისკენ" ჩადის სანაპირო გზით და მეორე, რომელიც ცენტრალურ ნაწილში გადის. ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის გათავისუფლების მიზეზი არის ის, რომ სწორედ აქ მდებარეობს მიწის ქვეშა გვირაბები, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასი" ისრაელის წინააღმდეგ ომში იყენებს.

სწორედ "ჰამასის" შტაბ-ბინები გახდა ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე დღეს გამთენიისას და გვიან ღამით. განადგურებულია 100-ზე მეტი სამიზნე. მათ შორის "ჰამასის" სამხედრო შენაერთები, ათეულობით სარაკეტო გამშვები მოწყობილობა, ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციები და სადამკვირვებლო პუნქტები. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, განადგურდა „ისლამური ჯიჰადის" ორგანიზაციის სამხედრო შტაბიც.

ღაზის სექტორში, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2300-ს გაცდა, დაშავებულია 9000-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. გარდაცვლილთა რიცხვო 1300-ს აღწევს ისრაელში. დაშავებულია 3500-მდე პირი, რომლებსაც საავადმყოფოებში მკურნალობენ.

ისრაელის სამხრეთი, ღაზის სექტორი არ არის ერთადერთი მხარე, სადაც ბრძოლა უწევს ისრაელს.
ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ შტულაზე ლიბანიდან თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით განხორციელდა. ამასთან, ლიბანის ტერიტორიიდან კიდევ ერთი დარტყმა ჩრდილოეთ საზღვარზე, სამხედრო პოზიციას მიაყენეს. სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ჰეზბოლამ" აიღო. ისრაელის თავდაცვის ძალებში კი აცხადებენ, რომ "ჰეზბოლას" პოსტებზე საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ.

კიდევ ერთი ცხელი წერტილი გოლანის მაღლობებია. სირიიდან გოლანის მაღლობების მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს. ისრაელის ავიაცია კი სირიის ჩრდილოეთის ქალაქ "ალეპოს" საერთაშორისო აეროპორტს დაესხა თავს. ასაფრენი ბილიკის დაბომბვის შემდეგ აეროპორტი ექსპლუატაციიდან გამოვიდა.

დღის ამბები