26 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს - ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე ცოტა დრო რჩება, თბილისი მეგობარი ქვეყნების მორიგ დასტურს იღებს

ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე ცოტა დრო რჩება, თბილისი მეგობარი ქვეყნების მორიგ დასტურს იღებს. ბულგარეთი კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარს ღიად უჭერს. ოფიციალური სოფიას ეს პოზიცია დეკლარაციაშიც გაფორმდა, რომელიც ბულგარეთის პარლამენტმა დაამტკიცა. დოკუმენტში წერია, რომ ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. 

დეკლარაცია, რომელიც ბულგარეთის პარლამენტმა დაამტკიცა ისტორიულია – საქართველოს ელჩი ამბობს, რომ მსგავსი ჩანაწერი დოკუმენტში პირველად გაჩნდა. ოთარ ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ სტატუსის მიღების პროცესზე, ბულგარეთის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა, დადებითად აისახება. 

საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირადად დაუდასტურა, საქართველოს პირველ დიპლომატს. ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით სოფიაში იმყოფებოდა, სადაც გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები. ბულგარელმა კოლეგამ ილია დარჩიაშვილს უთხრა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. 

მხარდაჭერა და ამის რეზოლუციებში ასახვა რომ მნიშვნელოვანია, ამაზე საუბრობენ ხელისუფლების ოპონენტები, თუმცა, იქვე აღნიშნავენ, რომ პარალელურად აუცილებელია რეკომენდაციების შესრულებაც.

"ქართული ოცნება" მნიშვნელოვნად მიიჩნევს არა მხოლოდ ბულგარეთის მხარდაჭერას, არამედ იმ პოზიციასაც, რომელიც უნგრეთსა და რუმინეთს გააჩნიათ. სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ პარტნიორი ქვეყნების ასეთი მხარდაჭერა იმ რეფორმების აღიარებაა, რომელსაც საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე ახორციელებს. ბულგარეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსით, ბულგარეთს მადლობას უხდის.  

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს მხარი ღიად რამდენიმე სახელმწიფომ უკვე დაუჭირა, მათ შორის რუმინეთმა და უნგრეთმა. 3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის პრემიერმა არაერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერა. ვიქტორ ორბანმა შეცდომა და უსამართლობა უწოდა ევროკავშირის იმ გადაწყვეტილებას, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა.

 

 

 

დღის ამბები