ახლო აღმოსავლეთში მეშვიდე უმძიმესი დღე სრულდება. ღაზის სექტორი ყველა მხრიდან იზოლირებულია. თელ-ავივის მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა მცირდება. მილიონმა ადამიანმა 24 საათში ღაზის სექტორის ჩრდილოეთი უნდა დატოვოს და სამხრეთში გადაინაცვლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ საათში 40 000-მა ადამიანმა უნდა მოასწროს ევაკუაცია, რაც ურთულესი ამოცანაა.
რას აპირებს "ცახალი" ულტიმატუმის ვადის გასვლის შემდეგ უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ერთი კვირის განმავლობაში, ისრაელის თავდაცვის არმიამ 41 კმ სიგრძისა და 12 კმ სიგანის ტერიტორიაზე, 6 000 ბომბი ჩააგდო, რაც დაახლოებით 4 000 ტონის ეკვივალენტია.
ისრაელის სხვადასხვა ქალაქში, დღესაც დილიდან ისმოდა განგაშის სიგნალი, მათ შორის თელ-ავივშიც.