26 ნოემბერი 2024,   01:24
ვრცლად
ახალი ოპოზიციური წამოწყება - როგორ აფასებენ უმრავლესობასა და ოპოზიციაში ხოშტარია-ჯაფარიძის ინტერნეტ პორტალის შექმნის ინიციატივას

კიდევ ერთი ახალი ოპოზიციური წამოწყება, რომელიც მმართველ პარტიას ბოლშევიზმს ახსენებს.

კონფრონტაციის საფრთხეს მმართველი ძალა ხოშტარია-ჯაფარიძის პროექტის მიღმა ხედავს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ "დროამ" და "გირჩი მეტი თავისუფლებამ" პოლიციელების, სუსის, პროკურორების, მოსამართლეების, საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულებისა და სასულიერო პირების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო.

სწორედ ამ ჯგუფებიდან გეგმავენ კონკრეტული პირების თავიანთ ციფრულ ბაზაში შეყვანას ხოშტარია-ჯაფარიძე.

პარლამენტში დღეს პარალელი სუსის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ჩანაწერებთანაც გაკეთდა. ხოშტარია-ჯაფარიძის ახალ კამპანიაში პრობლემას ვერ ხედავენ "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის პარტნიორ "სტრატეგია აღმაშენებელში". ამბობენ, რომ სუსის მასალებთან და რევოლუციურ გეგმებთან ახალი პროექტის დაკავშირება მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. შეკითხვები აქვს ხოშტარია-ჯაფარიძის დუეტთან ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს.

პოლიტიკურ ძალებშიც ინტერესდებიან, რამდენად მორალურია "დროას" ლიდერი რუსეთის მსახურების გამოვლენაზე საუბრობდეს, როდესაც ის თავად იღებს სოლიდურ თანხას სწორედ რუსეთიდან.

საზოგადოების კონკრეტული ჯგუფებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების სტიგმატიზაციის მცდელობაა მმართველი პარტიისთვის ხოშტარია-ჯაფარიძის იდეის მიზანი.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილს, ვისაც სახელისუფლებო პარტია რადიკალებს უწოდებს, პროცესების რევოლუციური სცენარით დასრულება სურთ.

ირაკლი კობახიძე ხოშტარიას ორმაგ სტანდარტზე უარის თქმას ურჩევს და მოუწოდებს, სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებაზე საუბრის დროს აქცენტი საკუთარ ფინანსურ სარგებელზე გააკეთოს. ბრალდებებზე პასუხის გაცემის ნაცვლად "დროასა" და "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერებმა დღეს დუმილი არჩიეს.

დღის ამბები