"ჰამასი" ისევ აშკელონს და აშდოდს უტევს. "რკინის გუმბათმა" ტერორისტული ორგანიზაციის მიერ გაშვებული 150 რაკეტა გაანადგურა. "ცახალის" ინფორმაციით, სამიზნე საზღვრისპირა პუნქტები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები "ჰამასის" წევრების მიერ 7 ოქტომბერს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის და წამების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას აქვეყნებენ. ტყვეობის პერიოდს იხსენებენ მშვიდობიანი მოქალაქეები.
ტერორისტებმა მოკლეს, თავი მოჰკვეთეს და დაწვეს ჩვილები და ათობით მცირეწლოვანი. ერთ-ერთი 7 წლის მოკლული გოგოს მამის ინტერვიუმ კი მთელი მსოფლიო შეძრა.
სიკვდილი ელის სავარაუდოდ ყველა იმ ადამიანს, ვინც უკვე 7 დღეა "ჰამასის" ტერორისტების ტყვეობაშია, თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ასეთი 100-ზე მეტია.
"ცახალმა" "ჰამასის" დამატებით 750 ობიექტი ააფეთქა. ისრაელის მთავრობა ტერორისტული ორგანიზაციის სამეთაურო შტაბის, იარაღის საწყობის კავშირგაბმულობის პუნქტების განადგურების შესახებ იტყობინება. 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის მისამართით 6000-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.
უკანასკნელი ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 1800-მდე გაიზარდა. ნანგრევებში დაღუპულებს ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივები ამ დრომდე პოულობენ.
"ჰამასის" წარმომადგენლების განცხადებით, ისრაელის საჰაერო შეტევას 15 მძევალი ემსხვერპლა. მაგრამ, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. რაც შეეხება 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმას, დაჯგუფების წარმომადგენელთა თქმით, რუსეთის ხელისუფლება ამის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. თუმცა, ამის მიუხედავად, გარკვეული კავშირები "ჰამასსა" და მოსკოვს შორის არსებობს.
ბრძოლა კიდევ უფრო მძიმე ეტაპზე გადადის. ამის მოლოდინი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ისრაელმა გაეროს დევნილთა სამხრეთისკენ ევაკუაციისკენ მოუწოდა და ამისთვის 24 საათიანი ვადა მისცა. შესაბამისი შინაარსის ბროშურები დღეს ღაზის სექტორის მოსახლეობამაც საჰაერო გზავნილის სახით მიიღო. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 1,100,000 ადამიანის ევაკუაცია დროის ამ მცირე მონაკვეთში ფაქტობრივად შეუძლებელია და დამატებით ჰუმანიტარულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. განცხადება გაავრცელა "ჰამასმაც" და ადგილობრივებს "ცახალის" მითითებების იგნორირებისკენ მოუწოდა.
რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ისრაელის თავდაცვის ძალები ვადის ამოწურვის შემდეგ ცნობილი არ არის. მაგრამ, მედიის და სოციალური ქსელების მეშვეობით გარკვეული მინიშნებები უკვე ვრცელდება.