26 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი - გადაწყვეტილება ორშაბათს გამოცხადდება

16 ოქტომბრის დილას, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს. იტყვის, დაარღვია თუ არა ქვეყნის მთავარი კანონი საქართველოს პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტებით. მოსამართლეების გადაწყვეტილება ხვალ უნდა გამხდარიყო ცნობილი, თუმცა გამოცხადება უქმე დღის გამო, ორშაბათამდე გადაიდო. დასკვნა უკვე დაწერილია, თუმცა 9 მოსამართლე მასზე ჯერ კიდევ მსჯელობს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ უპრეცედენტო საქმეზეც გადაწყვეტილება მოსამართლეებმა სასამართლოს დარბაზში წაიკითხონ.

გადაწყვეტილებამდე არის მოლოდინები და ინტერესი, შეგროვდება თუ არა პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა. მმართველ პარტიას 12 დეპუტატის ხმა აკლია. ოპოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების იმედი არ აქვს და ვარაუდობს, რომ მმართველი პარტია, ფარული მოლაპარაკებების გზით, ოპოზიციონერების გადაბირებას ცდილობს.

მმართველ გუნდი ოპტიმისტურად არის განწყობილი. "ქართული ოცნების" ლიდერებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და ამას საკონსტიტუციო სასამართლოც დაადგენს. თუკი პროცესი პარლამენტში გადავა და საქმე კენჭისყრამდე მივა, ვარაუდობენ, რომ 100 ხმა არ მოგროვდება. ოპონენტებს პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებენ და სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციის მოკავშირედ განიხილავენ.

სანამ საკონსტიტუციო სასამართლო დასკვნას დაწერდა, იყო განხილვის სამდღიანი პროცესი. მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს, კონსტიტუციური წარდგინებით ერთი თვის წინ მიმართა. საბოლოო გადაწყვეტილება ორშაბათს გამოცხადდება, სწორედ ამ გადაწყვეტილებამ უნდა განსაზღვროს, პროცესი ბათუმში, სასამართლოს დარბაზშივე დასრულდება თუ თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში გადმოინაცვლებს.

დღის ამბები