ნანობს, მაგრამ განზრახ მკვლელობას არ აღიარებს - 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე თითქმის ყველაფრის უარყოფა სცადა, რის გამოც მას ბრალი აქვს წაყენებული. ალიმ ასლანოვი ცდილობდა მოსამართლე იმაში დაერწმუნებინა, რომ იარაღი, რომლითაც არასრულწლოვანი მოკლა, პნევმატური ეგონა.
"მეგონა მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი" - ეს სიტყვებიც თქვა მოძალადემ, რომელმაც ცოლად შერთვის მიზნით 14 წლის გოგო ჯერ მოიტაცა, შემდეგ კი 2 თვის განმავლობაში მასთან თანაცხოვრებას აიძულებდა. უფრო მეტიც, ალიმ ასლანოვმა სხდომაზე ისიც კი თქვა, რომ მას მოკლულის დედამ უთხრა, რომ აითაჯ შახმაროვა 18 წლის იყო.
განსასჯელთა სკამზე მყოფმა აითაჯ შახმაროვას დედამ კი, რომელმაც შვილი ძალადობისთვის გაწირა, სხდომაზე განაცხადა, რომ მისი შვილი ალიმ ასლანოვს საკუთარი ნებით გაჰყვა. მისივე თქმით, როდესაც არასრულწლოვანმა დედას მოძალადის სახლიდან წაყვანა სთხოვა, სოფელ ლამბალოში ჩასულ ქალს ასლანოვი დაემუქრა და იარაღი ჰაერში ისროლა. მოსამართლემ ქალის არგუმენტები არ გაითვალისწინა, ისევე, როგორც გოგონას ბიძის და ორივეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების ვერსიით, ოჯახმა აითაჯ შახმაროვა ჯერ იძულებითი ქორწინებისთვის, შემდეგ კი სასიკვდილოდ გაწირა, რადგან ბავშვმა მშობელთან რამდენჯერმე დარეკა და შველა სთხოვა, ოჯახმა კი ის აიძულა მოძალადის ოჯახში დაბრუნებულიყო.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს მოკლული გოგონას მამის გამოკითხვა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი საზღვარგარეთ იმყოფებოდა მაშინ, როდესაც გოგონა იძულებით გაათხოვეს და მოკლეს.
საბრალდებო სკამზე შესაძლოა მალე სხვებიც აღმოჩნდნენ. 14 წლის გოგონას საქმეზე გამოძიება დამატებითი მტკიცებულებების შეგროვების პროცესშია. ოფიციალური ინფორმაციით, აითაჯ შახმაროვას მკვლელობიდან დღემდე, მნიშვნელოვანი გარემოებები უკვე გამოიკვეთა, რაც მოზარდის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის დედის, ბიძის და 27 წლის მამაკაცის დანაშაულს ამტკიცებს. გამოძიების ვერსიით, აითაჯმა ასლანოვების სახლიდან გაქცევა არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ, ოჯახის წევრები შინ დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ და არასრულწლოვანს კვლავ მოძალადესთან უწევდა დარჩენა.
იძულებით გატაცებიდან ორ თვეში, 6 ოქტომბერს კი, ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ცნობილია, რომ მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე აითაჯი 112-ში დარეკვას ცდილობდა და სწორედ ამ დროს ესროლეს ზურგში.
აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის, იძულებით ქორწინების და შეუტყობინებლობის ფაქტებზე პოლიციაში გამოკითხვები გრძელდება. "კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებული, ალიმ ასლანოვის ოჯახის წევრები და ახლობლებიც გამოჰკითხა.
სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე საგამჴძიებო მოქმედებები გრძელდება. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით დაკავებულია 27 წლის მამაკაცი, მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. არასრულწლოვნის იძულებით ქორწინების და შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებულები არიან მოკლული ბავშვის დედა და ბიძა.