26 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში დატვირთული ვიზიტის დასასრულს, კახეთში, ერეკლე მეფის სასახლეში უმასპინძლა

თელავში მდებარე "ბატონის ციხეს" დღეს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ეს არის დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლე საქართველოში, რომელიც რეალურად ციხე-სიმაგრე უფროა, ვიდრე მეფეთა სიმდიდრის ამსახველი დარბაზები. სწორედ ამ ციხიდან წერდა წერილებს ერეკლე მეორე ევროპის მონარქებს. გზავნილი ევროკავშირში 21-ე საუკუნის საქართველოდან ისევ იგივეა.

საქართველოს დღესაც სჭირდება ევროპის დახმარება, ევროპას კი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი.
ვაჭრობა, ეკონომიკა, უსაფრთხოება, თავდაცვა, განათლება, კულტურა. უნგრეთსა და საქართველოს შორის საუბრები ყველა მიმართულებით მიდის. მათ შორის არაოფიციალურ შეხვედრებსა და სტუმრების პატივსაცემად გამართულ სადილებზე. თელავში ჩასვლამდე უნგრეთის დელეგაციას წინანდალში უმასპინძლეს. კახეთის დღე კი ალავერდის უძველს მარანში დასრულდა.

უნგრეთის პრემიერის ვიზიტი საქართველოში - ერეკლე მეორის სასახლეში მასპინძლობა შემთხვევითი არ ყოფილა. ადგილი სიმბოლურად შეირჩა. პრემიერ-მინისტრმა უნგრელ კოლეგას სასახლის ინტერიერი დაათვალიერებინა და საქართველოს ევროინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერს, საქართველოს ისტორიის ის პერიოდი გააცნო, როდესაც ერეკლე მეფე ევროპელ მონარქებს ევროპასთან დაახლოებას სთხოვდა. პრემიერი ამბობს, რომ უკვე დღეს, ძლიერი ევროპელი ლიდერების მხარდაჭერის იმედი აქვს. მთავრობის მეთაურების განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მეგობრობის საფუძველი ერთიანი ღირებულებები და ქრისტიანული საფუძვლებია. 

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები მეუღლეებთან ერთად დღეს ალავერდშიც იმყოფებოდნენ. დაათვალიერეს სამონასტრო კომპლექსი. სტუმრებს ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა. მოინახულეს უძველესი მარანი და არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოჩენილი ექსპონატები. ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა დააგემოვნეს ალავერდის მონასტრის მე-11 საუკუნის მარანში უძველესი ტექნოლოგიით დაყენებული ქვევრის ღვინო. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მეუღლესთან ერთად ვიქტორ ორბანს და მის მეუღლეს, დღეს წინანდლის მამულშიც უმასპინძლა. საქართველოს პრემიერმა უნგრელ კოლეგას საქართველოში ღვინის დაყენების ტექნოლოგია გააცნო. ესაუბრა ქვეყნისთვის მევენახეობისა და მეღვინეობის მნიშვნელობაზე.

​წინანდალშივე გაიმართა სტუმრების პატივსაცემად ოფიციალური სადილი. საერთო ღირებულებები, ერთმანეთის მხარდაჭერა, გულწრფელი მეგობრობა - საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა არაფორმალურ გარემოში განიხილეს. ოფიციალურ სადილს წინანდალში უნგრეთის დელეგაციის წევრები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

უნგრეთის პრემიერი თბილისს 10 ოქტომბერს, მეუღლესთან ერთად ეწვია. მას ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე პირადადაც მასპინძლობდა.

ნუნუკა თამაზაშვილი და ანიკო ლევაი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდნენ. პრემიერ-მინისტრთა მეუღლეებმა მონასტერი მოილოცეს. სტუმრებს მეუფე იაკობმა და მონასტრის წინამძღვარმა იღუმენია თეოდორამ უმასპინძლა და საჩუქრად აზარფეშა, უძველესი ქართული ქვევრის სუვენირი გადასცეს.

ნუნუკა თამაზაშვილმა ანიკო ლევაის "დავით კაკაბაძის მინანქრის ოქრომჭედლობის" კომპანიაც დაათვალიერებინა. საქართველოს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების მეუღლეები სახელოსნოში სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. კომპანიის მფლობელმა მათ თავისი საავტორო წიგნებიც გადასცა საჩუქრად. 

დღის ამბები