26 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
ომის მეექვსე დღე და მიწასთან გასწორებული ღაზის სექტორი - ისრაელის სამიზნე "ჰამასის" მიწისქვეშა გვირაბებია

"რკინის გუმბათი" თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. აშკელონის და აშდოდის თავზე ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ "ჰამასის" ათობით რაკეტა გაანადგურა. თუმცა, რამდენიმე მათგანი საცხოვრებელ ზონებში მაინც აფეთქდა. იერიშის სამიზნე იყო ქალაქი სდეროთიც. დაშავდა 5 მშვიდობიანი მოქალაქე.

გრძელდება ისრაელის საჰაერო ოპერაციაც. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად მთავარი სამიზნე ტერორისტული ორგანიზაციის გვირაბებია. "ჰამასის" მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა შეიარაღების გადასატანად და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციების დასაგეგმად გამოიყენება.

ამ გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი ღაზის სექტორის ენერგეტიკული ბლოკადაა, რომლის მოხსნასაც ისრაელის მთავრობა, ამ ეტაპზე, არ აპირებს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ტერორისტული ორგანიზაცია მძევლებს გაათავისუფლებს. საუბარია 97 გატაცებულზე. მაგრამ "ჰამასი" ამ ნაბიჯის გადადგმას, ჯერჯერობით, არ ჩქარობს. ტერორისტული თავდასხმის შედეგად, ისრაელში მსხვერპლი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 1300 მშვიდობიანი, დაშავებული კი 3300 სამოქალაქო პირია. 100 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

მძიმეა ვითარება ღაზის სექტორში. ნანგრევებში დღეს კიდევ ათობით ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საჰაერო შეტევას 1417 ადამიანი ემსხვერპლა. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 6000-ზე მეტმა.

იზრდება იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი. გაეროს მონაცემებით, უსაფრთხო ადგილს 338 000-ზე მეტი ადამიანი ეძებს.

ღაზის სექტორიდან გაქცეული მშვიდობიანი მოქალაქეები, შესაძლოა, ეგვიპტემ შეიფაროს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ისრაელს, არ დაბომბოს რაფახის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რომელიც ცხელი ზონის დასატოვებლად ფაქტობრივად ერთადერთი გზაა.

ისრაელის მთავრობას კაიროსთვის, ჯერჯერობით, არაფერი უთქვამს, მაგრამ ქვეყნის თავდაცვის ძალები ადასტურებენ დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე მიტანილ იერიშს, რაც მათი განცხადებით, გუშინ სირიის ტერიტორიიდან გასროლილ რაკეტებზე ადეკვატური პასუხია. სირიის მთავრობის განცხადებით, დაზიანებულია ასაფრენი ბილიკი და აეროპორტის სიახლოვეს მდებარე სამხედრო ბაზა. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

დღის ამბები