"ვწუხვართ ამ გარემოებისთვის. ჩვენ აქ ვართ და არსად მივდივართ" - ასეთი იყო ენტონი ბლინკენის პირველი სიტყვები, პრემიერ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისთანავე. ამერიკის პირველი დიპლომატი ისრაელში დღეს ჩავიდა და ჩაიტანა შეერთებული შტატების გზავნილი, რომ ვაშინგტონი იერუსალიმის გვერდით დგას. ბლინკენის გამოსვლა ემოციური იყო. სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ჰამასის სისასტიკეს, როგორც ებრაელი და როგორც მშობელი გრძნობს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ჰამასი "ისლამურ სახელმწიფოს" შეადარა და თქვა, რომ როგორც "აისისი" განადგურდა, ჰამასიც ისევე განადგურდება.
ვაშინგტონი ცდილობს უზრუნველყოს ღაზაში აყვანილი მძევლების უსაფრთხოება და მუდმივ კონტაქტშია რეგიონის სახელმწიფოთა ლიდერებთან, რათა მათ დაარწმუნონ ჰამასი, გაათავისუფლონ მძევლები, რომელთა შორის ამერიკელებიც არიან. ჰამასის თავდასხმებს 25 ამერიკელის სიცოცხლე შეეწირა. სახელმწიფო მდივანმა დღესვე გააფრთხილა მოწინააღმდეგეები, არ ისარგებლონ ვითარებით ისრაელში და არ გაბედონ ისრაელზე თავდასხმა.
შეერთებული შტატები ასევე ცდილობს, გაააქტიუროს ეგვიპტე-ისრაელის მოლაპარაკებები უსაფრთხოების დერეფნის შექმნაზე, რათა სამოქალაქო პირები გამოვიდნენ ღაზიდან, ვიდრე იქ ისრაელის სახმელეთო ოპერაცია დაიწყება. ნატოს გენერალურმა მდივანმაც თქვა, რომ ისრაელის პასუხის შემთხვევაში, ყველანაირად უნდა მოხდეს უდანაშაულო მოქალაქეების მსხვერპლის თავიდან აცილება, თუმცა ხაზი გაუსვა ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი.
ბუნდესვერმა ნება მისცა იერუსალიმს, გამოიყენოს გერმანული დრონები, რომლებიც ისრაელში დაქირავებული ჰქონდათ. გერმანია ისრაელს გემების და სამედიცინო აღჭურვილობითაც დაეხმარება.