26 ნოემბერი 2024,   01:59
ვრცლად
მოსალოდნელია თუ არა გახარიას პარტიისა და "ლელოს" გაერთიანება - "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ორ ოპოზიციურ ძალას შორის კონსულტაციები ამ თემაზე დაწყებულია

გიორგი გახარიას გუნდი დარწმუნებულია, რომ 5-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს კოალიციების გარეშე გადალახავს. "კურიერის" ინფორმაციას, გახარიასა და ხაზარაძის წინასაარჩევნო ერთობასთან დაკავშირებით, პარტია "საქართველოსთვის" წევრები უარყოფენ. ამბობენ, რომ "ლელო" მათთვის პოლიტიკურად მიუღებელი ძალაა, რაც სამომავლო ალიანსს გამორიცხავს.

გახარიას პერსონას და გუნდს მხოლოდ ნეგატიურ პოლიტიკურ კონტექსტში მოიხსენიებენ "ლელოშიც." მამუკა ხაზარაძის პარტია ყოფილი პრემიერ-მინისტრთან გაერთიანებას არ განიხილავს. ანაკლიის პორტი, 20 ივნისი - ეს ის თემებია, რომელზეც "ლელოს" წევრების თქმით, გიორგი გახარიამ ჯერ სასამართლოს უნდა უპასუხოს.

სავარაუდო ალიანსის უარყოფას პოლიტიკური ტაქტიკის ნაწილად მიიჩნევს მმართველი გუნდი. უმრავლესობაში გახარია-ხაზარაძის სავარაუდო საარჩევნო ტანდემს, ბარიერის გადალახვის შიშს უკავშირებენ.

გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანებას მათივე წარსული ნაკლებ შესაძლებლობას უტოვებს - ასეთია კოლეგა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასება. მათი თქმით, ცალ-ცალკე ამ ძალებთან სამომავლო თანამშრომლობა მისაღები იქნება.

წარსული რომ ხაზარაძე-გახარიასთვის დაბრკოლებად არ იქცევა, ამაში დარწმუნებულია საპარლამენტო უმრავლესობა. დღეს "ოცნებაში" ექს-პრემიერისა და ყოფილი ბანკირის ერთმანეთის მიმართ გაკეთებული მწვავე განცხადებები გაიხსენეს. თქვეს, რომ "ლელოს" და "საქართველოსთვის" პარტიების მორალური სტანდარტი, ამ დაპირისპირების დავიწყებისთვის საკმარისია.

ვიხილავთ თუ არა ხაზარაძე-გახარიას წინასაარჩევნო კავშირს - ამ კითხვას საბოლოო პასუხს პარტიის ლიდერებმა თავად უნდა გასცენ. 2024 წლის პარლამენტში მოხვედრა, პოლიტიკურ ძალებისთვის 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

დღის ამბები