"ჰამასის" პოზიციებზე იერიში გრძელდება. უკანასკნელ 24 საათში, ისრაელმა ღაზის სექტორის 450 ობიექტზე წერტილოვანი დარტყმები განახორციელა. განადგურებულია ტერორისტული ორგანიზაციის საჰაერო სამიზნეების აღმოჩენის სისტემა. რაც ნიშნავს, რომ "ჰამასი" ისრაელის რაკეტებს ვეღარ ხედავს. აფეთქებულია სამეთაურო პუნქტები და საცეცხლე პოზიციები, რომელიც საცხოვრებელ უბნებში იყო მოწყობილი.
ისრაელი გაჩერებას არ აპირებს. მიზანი ტერორისტული ორგანიზაციის სრული განადგურებაა. ეს არის პასუხი 1200 დაღუპულზე, რომელთა შორის ჩვილები, მცირეწლოვნები და ქალები არიან.
"ჰამასის" შეტევის ტემპმა იკლო, თუმცა ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ჩრდილოეთს რაკეტებს მაინც ესვრის. განსაკუთრებული ზიანი მიადგა ქალაქ აშკელონს და აშდოდს. დაზიანებულია ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო. დაიბომბა თელ-ავივი. მოსახლეობის ნაწილი, თავს მიწისქვეშა ბუნკერებს აფარებს.
მძიმე ვითარებაა ღაზის სექტორში, სადაც უკვე რამდენიმე საათია არც ელექტროენერგია და არც ბუნებრივი აირია. განახლდა ცნობები დაღუპულების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია 1055 ადამიანი. დაშავებულთა რიცხვი 5200-სს აჭარბებს.
გაერო-ს მონაცემებით, ისრაელის საჰაერო შეტევის შედეგად, 1000-მდე სახლი მიწასთან არის გასწორებული. 560 კი ავარიულ მდგომარეობაშია. ღაზის სექტორი 270 000 მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა.
"ჰამასის" მხარდაჭერისკენ, მუსლიმურ სამყაროს ორგანიზაციის ყოფილი ლიდერი მოუწოდებს. ჰალედ მაშაალი პარასკევს მთელ მსოფლიოში ღაზის სექტორის მხარდამჭერი, მასშტაბური აქციების გამართვას - მეზობელი ქვეყნებისგან კი, ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვას ითხოვს.
მოწოდებას "ჰესბოლა" გამოეხმაურა, რომელმაც ისრაელის მისამართით დღეს, რამდენიმე რაკეტა გაისროლა. საპასუხოდ "ცაჰალმა" ტერორისტული ორგანიზაციის ორ რეგიონზე მასშტაბური იერიში მიიტანა. მსხვერპლის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის სამინისტრო, ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად ემზადება.
ისრაელის სახმელეთო ოპერაციის დაწყების ზუსტი დრო უცნობია, მაგრამ საზღვართან უკვე მობილიზებულია ათობით ერთეული მძიმე ტექნიკა და 300 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.