ქვეყანა, სადაც პირველად დაიწურა ღვინო -მეღვინეობა კი საქართველოდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა. საქართველო ღვინის 8000 წლიანი უწყვეტი ისტორიის ნაწილია - ამას საერთაშორისო მეცნიერული კვლევაც მოწმობს. 2016 წელს, პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორის მიღებული დასკვნა, გახდა გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა.
"ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი-შედეგები და სიახლეები" - კონფერენცია "ღვინის დღეების" ფარგლებში გაიხსნა. სამი დღის განმავლობაში 11 ქვეყნის, 22 მეცნიერი, ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის უკვე ჩატარებულ და სამომავლო კვლევებზე და მიღებულ შედეგებზე ისაუბრებენ.
ღვინის 8000 წლიანი დაყენების ტრადიციას, კახეთში მეღვინეები განაგრძობენ. ქვევრში დაყენებული ღვინო, "ღვინის დღეებზე" გამოიფინა. ფესტივალს დედოფლისწყარომ უმასპინძლა. კულტურის სახლის მიმდებარედ, მთელი დღის განმავლობაში ღვინის გამოფენა გაყიდვა, ადგილობრივი კერძების დაგემოვნება და საბავშვო გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა.
"ღვინის დღეების" მასპინძელი იყო ახალციხეც. ადგილობრივი ღვინო და კულინარია. მასტერკლასები, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები, -ყველა ასაკის სტუმრისთვის. ახალციხის ციხესთან, ღვინის დღეების საფესტივალო დღე, კონცერტით დასრულდა.
ფესტივალის მასპინძელი დღეს ოზურგეთი და სიღნაღი იქნება. "ღვინის დღეები საქართველოში", უკვე ტრადიციად ქცეული ფესტივალი წელს მეორედ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.