26 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
ვითარება ახლო აღმოსავლეთში უკიდურესად იძაბება - ცახალი ღაზის სექტორს ბომბავს, ჰამასი - აშკელონს

ვითარება ახლო აღმოსავლეთში უკიდურესად იძაბება. ცახალი ღაზის სექტორს ბომბავს, ჰამასი აშკელონს. საჰაერო თავდასხმები აშკელონის თავზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ჰამასი აშკელონის მოსახლეობას დაემუქრა, რომ თუ ისინი ქალაქს არ დაატოვებდნენ დღის 5 საათამდე, ქალაქს გაანადგურებდნენ.

პარალელურად, ამ წუთებში ყველაზე ცხელი წერტილი ლიბანის საზღვართან არის, სადაც ტერორისტული დაჯგუფება "ჰესბოლას" მიერ ისრაელის მისამართით გასროლილ იქნა 14 საჰაერო რაკეტა, მათგან 4-ის გაუვნებლება თავდაცვითი უსაფრთხოების ძალებმა მოახერხეს.

ცოტა ხნის წინ კი, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყანა იწყებს სამხედრო სპეცოპერაციას ლიბანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰესბოლას" წინააღმდეგ.

გარდა ამისა, ჩახერგილია ღაზის სექტორიდან გასაქცევი ერთადერთი მიმართულება. თელ-ავივი აცხადებს, რომ ეგვიპტის საზღვარზე იარაღის კონტრაბანდისთვის გათხრილი გვირაბი დაბომბა, შესაბამისად, პალესტინელები ვეღარ გარბიან.

ჰამასი არაბებს და მთელ მუსლიმანურ სამყაროს საყოველთაო მობილიზაციისკენ მოუწოდებს. ბოლო 24 საათში ისრაელმა ღაზაში 200 სამიზნე გაანადგურა. შედეგად ყოველ წუთს იზრდება მსხვერპლის რაოდენობა.

პალესტინა აცხადებს, რომ 800 ადამიანია მკვდარი, მათგან 100 ბავშვი. ისრაელის მხარეს კი, მსხვერპლის რაოდენობა უკვე ათასს გადასცდა.

შაბათიდან დღემდე ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით უკვე 5 ათასამდე რაკეტა გაისროლეს, ცახალის საპასუხო დარტყმებზე კი ჰამასი მძევლების მოკვლით იმუქრება.

ისრაელს ღაზის გარდა სხვა რისკებიც აქვს: ყოველ წუთს არის მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება.

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე

დღის ამბები