26 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ხაბეიშვილის კეზერაშვილთან შეხვედრის მთავარ საკითხად, შესაძლოა, მისი პოსტიდან განთავისუფლებაც იქცეს - შესაძლოა, ხაბეიშვილი ნიკა გვარამიამ ჩაანაცვლოს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელობა კვიპროსში, დღეს, ქუთაისიდან გაფრინდა. ხაბეიშვილი, კირკიტაძე, ბეჟაშვილი, ბოტკოველი, ნადირაძე და ცისკარიშვილი თვითმფრინავში ჩასხდომამდე არ აკონკრეტებდნენ რა მიზნით დაიბარა შეხვედრაზე პარტიის მთავარმა დამფინანსებელმა.

ხაბეიშვილისა და თანაგუნდელების გულწრფელობაში ეჭვი ეპარებათ ნიკა მელიას თანამოაზრეებს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ნაცმოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ კეზერაშვილისა და მერაბიშვილის არაფორმალური მმართველობის გამო, პარტიის გაყოფა ფაქტობრივად დააანონსა. დაპირისპირებული ფლანგის წარმომდგენლებისთვის ვიზიტი ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, წითელი ხაზების მორიგი დემონსტრაციული გადაკვეთაა. მათთვის ნათელია, რომ ახალი მენეჯმენტი ერთიანობის შესანარჩუნებლად, ყოფილი ძალოვნებისგან დისტანცირებას არ გეგმავს.

არაფორმალური მმართველობის მორიგი ლუსტრაცია - ასე აფასებენ კვიპროსში "ნაციონალური მოძრაობის" მრავალრიცხოვანი დელეგაციის ვიზიტს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებში. პოლიტიკოსების აზრით, ოპოზიციურ პარტიაში მმართველობის ეს სტილი უკვე ტრადიციად იქცა.

კეზერაშვილთან დემონსტრაციულ აუდიენციას ნიკა მელიას ფლანგის ღია გამოწვევად აღიქვამს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფილი ძალოვნის მხრიდან პროცესების არაფორმალური მართვა არ უკვირთ. ამბობენ, რომ ახლა ჯერი ნიკა მელიას პასუხზეა, თუმცა ამბობენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას" 2024 წლის არჩევნებზე წარმატების შანსი არ გააჩნია.

მოჰყვება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების კვიპროსულ ვოიაჟს, პარტიის უკვე მეორედ გაყოფა ამას საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს. "კურიერის" ინფორმაციით, კეზერაშვილთან შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხად, შესაძლოა, ხაბეიშვილის პოსტიდან, ვადაზე ადრე განთავისუფლებაც იქცეს. ვრცელდება ხმები, რომ არ არის გამორიცხული ლევან ხაბეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე - ნიკა გვარამიამ ჩაანაცვლოს.

დღის ამბები