26 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
5 პუნქტიდან ორი ნაწილობრივ შესრულებულია, ერთი სრულად, ორი კი შეუსრულებელი - ვენეციის კომისიის დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე 

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა"-ეს რეკომენდაცია ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტებში პრიორიტეტად რჩება. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში კომისია 5 პუნქტიდან ორს ნაწილობრივ და ერთს სრულად შესრულებულად, 2 კი შეუსრულებლად მიიჩნევს.

საერთაშორისო ექსპერტები მოუწოდებენ ხელისუფლებას რეფორმები შეუფერხებლად გაატაროს. ძირითადი მათი რეკომენდაცია იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესს უკავშირდება.

ამ ორი პუნქტის გარდა, ვენეციის კომისია შესრულებულად მიიჩნევს მესამე - მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვას და ასევე, ნაწილობრივ მისაღებია მოსამართლის მიერ "პოლიტიკური ნეიტრალიტეტის" პრინციპის დარღვევის გამო, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეზღუდვა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათის გაძლიერება, რაც კომისიის შეფასებით, ნაწილობრივ არის შესრულებული. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ სამართლებრივ მოსაზრებაზე დაფუძნებული ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია.

ხელისუფლების ოპონენტები არ უარყოფენ, რომ საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების ნაწილი "ოცნებამ" მართლაც გაითვალისწინა, თუმცა, აქცენტს ზედაპირულ ცვლილებებზე აკეთებენ და მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობას ძირეული ცვლილებები სჭირდება.

ვენეციის კომისია იუსტიციის საბჭოს რეფორმის პროცესის ინკლუზიურად წარმართვის რეკომენდაციასაც გასცემს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპონენტებს სხვა პოლიტიკური ინტერესი აქვთ, მათი სურვილი კი ქმედითი სასამართლოს ჩამოყალიბებაა და ამბობენ, რომ ვერ გაიზიარებენ იმ მიდგომებს, რომელიც სისტემას ჩიხში შეიყვანს. 

ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე უახლოეს მომავალში პარლამენტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებზე მსჯელობას დაიწყებს.

 

 

დღის ამბები