ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის საქმეზე, სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე, საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, თარჯიმანი გამოიკითხა. ანი მეტრეველი, 26-29 სექტემბერს ჩატარებული სემინარის მონაწილეა და მას სერბი ტრენერების ლექცია უნდა ეთარგმნა. გამოკითხვის შინაარსზე, პროცესის დასრულების შემდეგ მოწმეს არ უსაუბრია, მიზეზი უფლებადამცველის თქმით, გაუთქმელობის ხელწერილია. მოწმემ დაადასტურა, რომ ლექცია არაძალადობრივი შინაარსის იყო.
"მოწმე იყო თარჯიმანი, რომელიც სინქრონში თარგმნიდა ინგლისურიდან ქართულზე და პირიქით, ეს არ იყო მისთვის პირველი სემინარი და საერთოდ, მსგავსი სემინარი, მსგავსი თემატიკით, მეოთხედ ჩატარდა. პირველი 2 ორი წლის წინ ჩატარდა და აბსოლუტურად სხვა პროფესიაში მოქმედ აქტივისტებს ჩაუტარდათ. თარჯიმანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თემა - არაძალადობრივი გზით საკუთარი მიზნების მიღწევა ამა თუ იმ სფეროში და აქტიურობა, საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება,"-აცხადებს ანი მეტრეველის ადვოკატი.