26 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ცალსახად დაგმონ რუსეთის გადაწყვეტილება - ნიკოლოზ სამხარაძე ნატო-ს რეზოლუციაზე

ოჩამჩირეში რუსული პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ შეაფასა.

სამხარაძის თქმით, "მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ და საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა, ძალიან ცალსახად დაგმონ რუსეთის გადაწყვეტილება, რადგან ეს, მათ შორის, არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას".

"საპარლამენტო რეზოლუციებს აქვს სხვა დატვირთვა. ამ შემთხვევაში, მყისიერი რეაგირება უკვე მოხდა. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან ცალსახად დაგმონ ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება, მათ შორის, არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ეს არის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მის სუვერენიტეტის კიდევ ერთი ძალიან მძიმე ხელყოფა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციაში და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, ეს გადაწყვეტილება იქნეს დაგმობილი", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, ნატოს-ს ასამბლეის რეზოლუციაში სახელწოდებით "შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ“ აღნიშნულია, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ საზღვაო ბაზის მშენებლობას.

დღის ამბები