26 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 900-ს აჭარბებს

ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 900-ს აჭარბებს. ისრაელის სამაშველო სამსახურის ZAKA-ს მონაცემებით, 100-ზე მეტი ცხედარი მათ ერთ-ერთ ფერმაში ნახეს, სადაც "ჰამასმა" მძევლები აიყვანა. გუშინ, დღის ბოლოს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომთან დაკავშირებული ხუთი კონკრეტული ბრძანების შესახებ გააკეთა აქცენტი. საუბარია "ჰამასის" წინააღმდეგ უპრეცედენტო შეტევით ოპერაციაზე გადასვლაზე.

ისრაელის ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროები ამტკიცებენ, რომ ქვეყანა არ აწარმოებს არანაირ მოლაპარაკებას "ჰამასთან“, ტერორისტების მიერ აყვანილი მძევლების თაობაზე. თავის მხრივ "ჰამასიც" აცხადებს, რომ ისინი ტყვეთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებს არ გეგმავენ და ღაზას დაბომბვის საპასუხოდ მძევლების სიკვდილით დასჯით იმუქრებიან. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ჰამასთან“ მძევლების თაობაზე მოლაპარაკებებს კატარი აწარმოებს.

ცნობილი ხდება, რომ იერუსალიმის მიმართულებით გასროლილი ერთ-ერთ რაკეტა სოფელ აბუ გოშში, ახმატ კადიროვის სახელობის მეჩეთს მოხვდა - სალოცავს, რომელიც 10 წლის წინ, რამზან კადიროვმა გახსნა.

ამავე დროს, უკვე მეორე დღეა, ისრაელის სამხედრო სარდლობის განკარგულებით ღაზის სექტორის სრულ ალყაშია მოქცეული. "ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ორ მილიონზე მეტი ადამიანი საკვების, წყლის, დენისა და გაზის გარეშეა დატოვებული.

მოულოდნელი თავდასხმა "ჰამასმა“ შაბათს დაიწყო, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო იერიში მოჰყვა. ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 700-ს უახლოვდება. დაშავებულია 4 000-მდე.

დღის ამბები