26 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
ისრაელისთვის ომის მესამე დღე განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა - რა განცხადება გააკეთა ეგვიპტურმა მხარემ და როგორია ბოლო ცნობები ისრაელიდან

ისრაელისთვის ომის მესამე დღე განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. ტერორისტებმა დღეს განსაკუთრებული იერიში ქვეყნის დედაქალაქზე მიიტანეს. შესაბამისად გაიზარდა დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა. 

შეთქმულების თეორიებსა და ომის დაწყების მიზეზებთან დაკავშირებით, დაახლოებით ერთი საათის წინ, ეგვიპტურმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ ინფორმაცია თავის დროზე მიაწოდეს ოფიციალურ ისრაელს. პრემიერ-მინისტრის კაბინეტმა კი მათ უკვე უპასუხა, რომ ეს სრული სიცრუეა და ისრაელს ამ მასშტაბის დაპირისპირების შესახებ არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა. 

ისრაელი თავდასხმას უკვე ლიბანის მხრიდან ელოდება, ბეირუთი აცხადებს, რომ არ სურს ომში ჩართვა. ღაზა სრულ ბლოკადაშია, ჰამასი და ცახალი რაკეტებს ცვლიან.

ქვეყანა, რომელიც მტრებითაა გარშემორტყმული, ერთდროულად რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას. გარდა იმისა, რომ ისრაელს ღაზის სექტორში ტყვეების გათავისუფლების ურთულესი ოპერაცია აქვს ჩასატარებელი, თელ-ავივისთვის პირველი რიგის ამოცანაა, აღადგინოს ქვეყნის უსაფრთხოება და მთლიანად გაანეიტრალოს ჰამასი, რაც საჰაერო დარტყმების გარდა, სახმელეთო ოპერაციას ითხოვს.

კიდევ ერთი მთავარი გამოწვევაა ის, რომ არ გავრცელდეს კონფლიქტი სხვა მიმართულებით,
რადგან თუ ჰამასს დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები არაბები, ხოლო ლიბანიდან ჰეზბოლაც შეუერთდა - მაშინ ისრაელს სამ ფრონტზე მოუწევს მტრების მოგერიება.

ამ დროისთვის კი, ისრაელის "რკინის გუმბათი" ასობით რაკეტას კვლავ ღაზის სექტორიდან იგერიებს.

მხოლოდ დღეს, ჰამასმა ისრაელის ორი ქალაქის: აშკელონის და აშდოთის მიმართულებით 120 რაკეტა გაუშვა.

ტერორისტების ოპერაციას სახელწოდებით "ალაქსას წყალდიდობა" ებრაელებმა ოპერაცია "რკინის ხმლები" დაუპირისპირეს.

უკვე 72 საათზე მეტია, რაც ღაზის სექტორი განუწყვეტლივ იბომბება. შენობების დიდი ნაწილი მიწასთან არის გასწორებული, თუმცა ჰამასის მიწისქვეშა ნაგებობებში ჯერ კიდევ დიდი საფრთხე იმალება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს საზოგადოებისთვის სპეციალურ მიმართვას გაავრცელებს, სადაც ის უახლოესი გეგმების შესახებ ისაუბრებს. სავარაუდოდ, ისრაელი ფართომასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება.

 

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე.

დღის ამბები