26 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მორიგი ვიზიტი საქართველოში - ერთობლივი ეკონომიკური პროექტების გარდა, საქართველოს, რეგიონში მნიშვნელოვანი შუამავლის ფუნქციაც აქვს

ორი სასტიკი ომის რეალობაში, გაჩნდა შანსი, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტი სამშვიდობო მოლაპარაკებით დასრულდეს და ამაში უდიდესი წვლილი საქართველომ შეიტანოს. თბილისის ინიციატივას ბაქო უკვე შეუერთდა. ილჰამ ალიევის საქართველოში მოულოდნელი ვიზიტი, ამჯერად მხოლოდ სატრანზიტო დერეფანს და რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს არ უკავშირდება.
სამშვიდობო პროცესში საქართველოს ჩართულობა ყველაზე სწორი არჩევანია - აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სომხეთი დათანხმდება, საქართველოში მყისიერად დაიწყება სამმხრივი შეხვედრები.

ილჰამ ალიევი საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში უკვე მეორედ ჩამოდის, თბილისის ხშირი სტუმარია ნიკოლ ფაშინიანიც. რაც იმის წინაპირობაა, რომ საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეუძლია გახდეს ყველაზე წარმატებული შუამავალი. ეს კი სამხრეთ კავკასიას სულ სხვა პოტენციალს შესძენს და რაც მთავარია ამით სამივე ქვეყანა ისარგებლებს, მათ შორის იმ ეკონომიკური პროექტებით, რომლებიც ბაქოს და თბილისს უკვე დაწყებული აქვთ: ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტი, რკინიგზა, ანაკლიის პორტი და ჩქაროსნული სატრანზიტო მაგისტრალი.
თუ სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო თავად გადაწყვეტს რეგიონის პრობლემებს, ეს მალევე აისახება სამივე ქვეყნის ეკონომიკაზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში მიიწვია, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი საპასუხო ვიზიტით რამდენიმე თვეში ჩავა. მანამდე ქვეყნები იმ სტრატეგიულ პროექტებზე გააგრძელებენ მუშაობას, რომელზეც თბილისში ალიევის სტუმრობის დროს გამახვილდა ყურადღება - შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივა, ქვეყნებს შორის ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ლოჯისტიკის საკითხებში თანამშრომლობა, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. საქართველოს მედიატორის როლი და სამშვიდობო ინიციატივები სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში შარშან ზუსტად ამ დროს იმყოფებოდა, ამის შემდეგ, აპრილში, ვიზიტით ბაქოში ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდა. მხარეებმა ახლაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ყოველ შეხვედრაზე სრულიად ახალ იმპულსს იძენს და ყველა მიმართულებით ვითარდება. საქართველოსთვის აზერბაიჯანი სავაჭრო პარტნიორების ტოპ ხუთეულში შედის და წელს ვაჭრობა 15 პროცენტით არის გაზრდილი. რამდენიმე თვეში დასრულდება კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტუმარს ალიევის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერებინა, ექსპოზიცია ჰეიდარ ალიევის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული.

ლიდერებს შესაძლებლობა ჰქონდათ არაფორმალურ ვითარებაშიც ესაუბრათ სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღის ბოლოს ვახშამზეც უმასპინძლა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტზე, კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერების მნიშვნელობაზე პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელშიც დაწერა.

საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ეკონომიკური თანამშრომლობა და გაჟღერებული სამშვიდობო ინიციატივა თბილისში მთავრობის წევრებმა შეაფასეს. მათი განცხადებით, რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა აუცილებელია, საქართველო კი ინარჩუნებს მიუკერძოებელ და ნეიტრალურ პოზიციას პროცესებში.

საქართველო აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პროექტებზე და ქვეყნებს შორის ისტორიულ მეგობრულ ურთიერთობებზე გააკეთა აქცენტი პარლამენტის თავმჯდომარემაც. შალვა პაპუაშვილმა ჰეიდარ ალიევის როლზეც ისაუბრა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ერთდღიანი სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ილჰამ ალიევი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.

დღის ამბები