26 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
"ამ რეალობაში, ასეთი წამოკნავლებები არ არის ადეკვატური" - გია ვოლსკი ოპოზიციის ნაწილის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე

"ამ რეალობაში, ასეთი წამოკნავლებები არ არის ადეკვატური,"- ასე შეაფასა "ქართული ოცნების წევრმა გია ვოლსკიმ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილებას ეხება.

მისივე თქმით, ოკუპაციის პრობლემა გაცილებით რთულია, ვიდრე რეზოლუცია, რომელის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოამზადეს.

"მე ადრეც ვთქვი და ჩემმა კოლეგებმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ ამ ოპოზიციურ ფლანგზე ასეთი სახის რეზოლუციებს თუ მხარს არ დავუჭერთ, საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს, ვინაიდან, სულ მცირე, არის მუდმივად პროვოკაციის მცდელობა, რომ რაღაცას წარმოადგენენ ეს პოლიტიკური სუბიექტები და ადამიანები იმ დიდ პოლიტიკაში, იმ ურთულეს სიტუაციაში, რაც დღეს საქართველოს შეუქმნა რუსეთის მხრიდან ტერიტორიების ოკუპაციამ და არამარტო ოკუპაციამ. ამ რეალობაში, ასეთი წამოკნავლებები არ არის ადეკვატური.

მინდა გაგახსენოთ, 2009 წელს რუსეთის ფედერაციამ მყარად და არაორაზროვნად განაცხადა, რომ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა უნდა ააშენოს, რასაც მრავალი წელი სჭირდება, დაწყებული ზღვის სიღრმის უზრუნველყოფიდან, ინფრასტრუქტურით დამთავრებული. მას მერე არანაირი მოძრაობა მაგ მიმართულებით არ შეინიშნება. აქედან გამომდინარე, ოკუპაციის პრობლემა გაცილებით უფრო მძიმე და რთულია, ვიდრე ის რეზოლუცია თავისი შინაარსით, რომელსაც გვთავაზობს გახარიას გუნდი,"- აცხადებს გია ვოლსკი.

 

დღის ამბები